თუ მსოფლიო წიაღისეული საწვავის წვას გააგრძელებს, ზღვის დონე მკვეთრად აიწევს და მილიონობით შენობას საფრთხეში ჩააგდებს, - ამის შესახებ ახალი ანგარიში აფრთხილებს.

მკვლევრებმა ჩაატარეს პირველი მასშტაბური, შენობების მიხედვით შეფასება სანაპირო ინფრასტრუქტურის მომავლის შესახებ გლობალური სამხრეთის მასშტაბით - რომელიც მოიცავს აფრიკას, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას.

დეტალური თანამგზავრული რუკებისა და სიმაღლის მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა გამოთვალეს, თუ რამდენი შენობა დაიტბორება რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ზღვის სხვადასხვა დონზე.

გლობალური დათბობის „შეუჩერებელი შედეგი“

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Urban Sustainability–ში, იკვლევს ზღვის დონის აწევის 0.5-დან 20 მეტრამდე სცენარებს.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დაბალი ზრდაც კი (რომელიც პროგნოზირებულია ემისიების მნიშვნელოვნად შემცირების შემთხვევაშიც კი) დაახლოებით სამი მილიონი შენობის რეგულარულად დატბორვას გამოიწვევს.

„ზღვის დონის აწევა დათბობის ნელი, მაგრამ შეუჩერებელი შედეგია, რომელიც უკვე მოქმედებს სანაპირო ზოლის მოსახლეობაზე და საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს პროფესორი ნატალია გომესი, კვლევის თანაავტორი და მაკგილის უნივერსიტეტში ყინულის ფენისა და ზღვის დონის ურთიერთქმედების კანადის კვლევითი კათედრის ხელმძღვანელი. „ხალხი ხშირად საუბრობს ზღვის დონის ათობით სანტიმეტრით, ან შესაძლოა ერთი მეტრით აწევაზე, მაგრამ სინამდვილეში ის შეიძლება კიდევ მრავალი მეტრით გაგრძელდეს, თუ სწრაფად არ შევწყვეტთ წიაღისეული საწვავის წვას.“

ზღვის დონის აწევამ შესაძლოა „მთელ უბნებზე“ იმოქმედოს

თუ ზღვის დონე ხუთ მეტრამდე ან მეტად აიწევს - რაც ექსპერტების პროგნოზით, შესაძლოა რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მოხდეს - 100 მილიონზე მეტი შენობა რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

„ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით იმით, თუ რამდენი შენობა იქნებოდა რისკის ქვეშ ზღვის დონის შედარებით მცირე გრძელვადიანი აწევის გამო“, - დასძენს პროფესორი ჯეფ კარდილი, თანაავტორი და მაკგილის უნივერსიტეტის პროფესორი. „ზოგიერთი სანაპირო ქვეყანა გაცილებით უფრო დაუცველია, ვიდრე სხვები, სანაპირო ტოპოგრაფიის დეტალებისა და შენობების ადგილმდებარეობის გამო.“

ამ შენობების უმეტესობა მჭიდროდ დასახლებულ და დაბლობ რაიონებში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და „მთელი უბნები“.

ვრცლად euronews – ზე