ევროკავშირის ქვეყნებში წყალსატევების უმრავლესობა ქიმიკატებით არის დაბინძურებული - ევროკომისიის ანგარიშზე დაყრდნობით Reuters წერს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაცხადებული მიზანი წევრი ქვეყნების უმრავლესობაში წყალსატევების “კარგ” კონდიციამდე მიყვანაა, რისთვისაც სახელმწიფოებს ვადა 2027 წლამდე ჰქონდათ, თუმცა, დიდი ალბათობით, ქვეყნების უმრავლესობა დასახულ მიზანს ვერ შეასრულებს.
ფერმერებმა, შარშან, მთელი ევროპის მასშტაბით, გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური გავლენა და მოაწყვეს თვითნებური, ხანდახან ძალადობრივი პროტესტი, სწორედ ევროკავშირის გარემოსდაცვითი წესების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ის, რომ ბრიუსელმა, შეძლებისდაგვარად, შეამსუბუქა ზოგიერთი გარემოსდაცვითი ღონისძიება.
ევროკოკომისია კი თავის ბოლო ანგარიშში ამბობს, რომ საჭიროა უფრო რადიკალური ზომები ნიტრატებით დაბინძურების დასაძლევად, თუმცა იმასაც აღიარებს რომ ეს „პოლიტიკურად რთული მისაღები" იქნება.
ანგარიშში ისიც წერია, რომ ევროკავშირს შეუძლია მომავალი ბიუჯეტიდან მეტი თანხა გამოყოს წყლის მარაგების გასასუფთავებლად, თუმცა, ისიც განმარტებულია, რომ ეს წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს, მთავრობების მოთხოვნასთან, ბლოკმა გაზარდოს დანახარჯები თავდაცვისა და მრეწველობისთვის.
რაც შეეხება, მიმდინარე წლის მიზნებსა და გეგმებს, ევროკავშირის მთავარი მიზანი კლიმატის ცვლილების გამო შექმნილი წყლის დეფიციტისა და გვალვის პრობლემების დაძლევაა. წელსვე ბლოკი შეაფასებს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისა და ურბანიზაციის დამაბინძურებელ გავლენას წყლის რესურსებზე.
ევროკავშირის შეფასებით, ბლოკის მასშტაბით არსებული ტბების, მდინარეებისა და სანაპირო წყლების მხოლოდ 39%-ია კარგ ეკოლოგიურ მდგომარეობაში, მათგან მხოლოდ 26.8%-ს აქვს ქიმიური სტატუსი.
ეკოლოგიური ვითარება გაცილებით უკეთესია ევროპის მიწისქვეშა წყლებში. მართალია, EU-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში აგრომეურნეობაში გამოყენებული ნიტრატები მიწისქვეშა წყლის რესურსებს აბინძურებს, მაგრამ, მათი 86%-ის ქიმიური სტატუსი დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
გარემოსდაცვითი ევროკომისარი, ჯესიკა როზვალი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ნიტრატებით დაბინძურების აღმოსაფხვრელად რადიკალური ზომების მიღება იქნება საჭირო, რაც პოლიტიკურ სირთულეს წარმოადგენს.