გამოცემა Reuters რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება აშშ-ს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რუსული წყაროების თქმით, ნებისმიერ შეთანხმებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბრძოლის ველზე რუსული მხარის წინსვლა და ასევე შესაძლო შეთანხმების ფარგლებში გადაჭრილი უნდა იყოს მოსკოვის წუხილები.

"რთულია პუტინისთვის, რომ ამას არსებული ფორმით დაეთანხმოს". - უთხრა Reuters-ს ანონიმურმა წყარომ: "პუტინს ძლიერი პოზიცია აქვს, რადგან რუსეთი წინ მიიწევს".

რუსული წყაროს თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის შემთხვევაში, რუსეთის პოზიცია შესაძლოა, სწრაფადვე გახდეს უფრო სუსტი და შედეგად დასავლეთმა შესაძლოა, "რუსეთს ომის არ დამთავრებაში ბრალი დასდოს".

კიდევ ერთი წყაროს მიხედვით, მოსკოვის გადმოსახედიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინადადება მახეს ჰგავს, რადგან პუტინისთვის რთული იქნება, ომი შეწყვიტოს, თუკი კონკრეტული გარანტიები ან დაპირებები არ იარსებებს.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.

"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.

ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება".

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.

tabula.ge