პოლონელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომ დაახლოებით 70 ათასი წლის წინ, დღევანდელი ცენტრალური პოლონეთის ტერიტორიაზე, ნეანდერტალელთა თემის სახელოსნო არსებობდა.
ადგილი, რომელიც მაზოვიის რეგიონში, კერძოდ კი ქალაქ ზვოლენის მახლობლად მდებარეობს, ევროპის ამ ნაწილში ადრეული ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და არსებობისთვის ბრძოლაში მათი გადარჩენის გზების შესახებ არაჩვეულებრივ ფაქტობრივ მასალას და წარმოდგენას იძლევა.
ვარშავის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის, ვარშავის უნივერსიტეტისა და ვროცლავის უნივერსიტეტის მკვლევარები ამ ადგილზე 2021 წლიდან მუშაობენ. მათი მიზანია ზუსტად განსაზღვრონ, რა დროიდან ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები მდინარე ზვოლენკას ხეობაში, რას ჭამდნენ და საერთოდ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი.
პროექტის ხელმძღვანელის, ვიტოლდ გრუზდზის თქმით, მისმა ჯგუფმა ამ ადგილზე ნეანდერტალელების აქტივობის ხანად 64 000-დან 75 000 წლამდე პერიოდი (შუა პალეოლითის ეპოქა) განსაზღვრა.
ამჟამად ეს არის ერთადერთი აქტიური არქეოლოგიური გათხრა პოლონეთში, რომელიც ამ პერიოდის მასალებს იძიებს და შეისწავლის.
ეს ადგილი უჩვეულოა იმითაც, რომ აქ ორგანული მასალები, მათ შორის ცხოველების ძვლები, ღია ცის ქვეშ, გამოქვაბულის ტერიტორიის გარეთ არის შემონახული.
პოლონეთში ნეანდერტალელთა დასახლების ყველაზე ცნობილი ადგილები ქვეყნის სამხრეთში, განსაკუთრებით კრაკოვ-ჩენსტოხოვას ზეგანზე, და ქვემო სილეზიაში მდებარეობს, რადგან ნეანდერტალელების ეპოქაში ცენტრალური და ჩრდილოეთ პოლონეთის დიდი ნაწილი ყინულის ფენებით იყო დაფარული.
ზვოლენის ტერიტორიის შესწავლა XX საუკუნის 80-იან წლებიდან დაიწყო, როდესაც იქ დიდი რაოდენობის კაჟის იარაღები და ცხოველების ძვლები იპოვეს.
ამ რეგიონში ბოლო გათხრების შედეგად აღმოჩენილია მამონტების, მარტორქებისა და ცხენების ნაშთები, ასევე ასობით ქვის იარაღი და ამ იარაღის დამზადება-დამუშავების დროს დარჩენილი ნამსხვრევები.
„გასული საუკუნის 80-იან წლებში ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 330 ნივთი ვიპოვეთ, გასული წლის სეზონზე კი - 170-ზე მეტი. წლევანდელმა სამუშაოებმაც თითქმის იგივე შედეგი მოგვცა“, - აღნიშნა გრუზდზმა.
იარაღებს შორის სჭარბობს კაჟის დანები და საფხეკები, რომლებიც, სავარაუდოდ, დიდი ზომის მოკლული ცხოველების დასამუშავებლად გამოიყენებოდა.
ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, კატარჟინა პიჟევიჩის განმარტებით, ამ ადგილზე ზოგიერთი იარაღი უკვე დამზადებული სახით მიიტანეს და მოგვიანებით იქ მხოლოდ შეაკეთეს, რადგან გამოყენების პროცესში ხშირად ზიანდებოდა.
„ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იარაღები გამოიყენებოდა მოკლული მამონტების, ცხენებისა და მარტორქების დასაჭრელად, რომელთა ძვლებიც იქვე ვიპოვეთ. ეს იყო მოქმედი სახელოსნო. ნეანდერტალელები აქ იარაღებით მოდიოდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, არემონტებდნენ მათ“, - აღნიშნა მან.
ადგილზე არსებული გეოლოგიური ფენები მიუთითებს, რომ მასალები დროთა განმავლობაში, ეროზიის გამო, ადგილს იცვლიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი არტეფაქტი შეიძლება უფრო ძველიც კი იყოს, ვიდრე ამჟამინდელი შეფასებებით არის დადგენილი.
„ჩვენ დავათარიღეთ ფენები, სადაც არტეფაქტები აღმოვაჩინეთ, მაგრამ ეს ფენები მათი თავდაპირველი ადგილმდებარეობიდან უკვე გადაადგილებული იყო. ასე რომ, იარაღები შეიძლება უფრო ძველი იყოს, ვიდრე ის ფენა, რომელშიც ისინი ვნახეთ“, - ადასტურებს გრუზდზი.
„ყველაფერი, რაც ნეანდერტალელების შესახებ ჩვენს ცოდნას ამდიდრებს, მეტად ღირებულია. ეს აღმოჩენები კი, ამ თვალსაზრისით, იშვიათობაა. ამ იარაღების თავმოყრის ბევრი ადგილი რამდენიმე მეტრის სიღრმეზეა დამარხული, რაც მათ აღმოჩენას ართულებს. მაგრამ, ამავე დროს, ყოველი აღმოჩენა ახალ თავსატეხს გვიჩენს“, - ამბობს პიჟევიჩი.
ნეანდერტალელები ადამიანთა საგვარეულო ხის გადაშენებული შტოა, რომლებსაც ოდესღაც განუვითარებელ არსებებად მიიჩნევდნენ. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა ეს შეხედულება შეცვალა.
მეცნიერებს ახლა მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალელებმა შექმნეს ევროპის უძველესი გამოქვაბულის ხელოვნება და ადრეულ თანამედროვე ადამიანებთან შეჯვარდნენ.
დნმ-ის კვლევებმა აჩვენა, რომ არააფრიკული წარმოშობის ადამიანების უმეტესობას 1-დან 2 პროცენტამდე ნეანდერტალელის დნმ-ი აქვს. აღმოსავლეთ აზიის, ევროპისა და სამხრეთ აზიის წარმოშობის ადამიანებს, როგორც წესი, ნეანდერტალელის ოდნავ მეტი დნმ-ი აქვთ, ვიდრე აფრიკული წარმოშობის ადამიანებს, რადგან ნეანდერტალელები, ძირითადად, ევროპასა და დასავლეთ აზიაში ცხოვრობდნენ.
ზვოლენის გათხრების ტერიტორია პოლონეთში ნეანდერტალელის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ღია ცისქვეშა სადგომად ითვლება, სადაც ორგანული ნაშთებია შემონახული. დაგეგმილია შემდგომი სამუშაოების ჩატარება მისი ზუსტი პერიოდის განსასაზღვრად და მეცნიერული ღირებულების დასადგენად.
ევროპაში ნეანდერტალელის ადგილების შესასწავლად, რამდენიმე ასეული აქტიური არქეოლოგიური გათხრა მიმდინარეობს. ბევრი ადგილი, სადაც ქვის იარაღები, დაკლული ცხოველების ნაშთები ან ჩონჩხების ნარჩენებია ნაპოვნი, ღია ცის ქვეშ მდებარეობს.
მათი უმეტესობა თავმოყრილია სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, განსაკუთრებით - საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, იტალიასა და ხორვატიაში, სადაც არტიფაქტების შენარჩუნებას კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი.
წყარო: naukawpolsce.pl 1tv.ge