გერმანიის მომავალი სავარაუდო კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან საპასუხო ტარიფების 90 დღით დაპაუზება ვაჭრობის მიმართ ევროპის ერთიანი მიდგომის პოზიტიურ გავლენას აჩვენებს. ამასთანავე, მერცი აშშ-სა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ინიციატივით გამოვიდა.

"ევროპელები მიზანდასახულები არიან, დავიცვათ ჩვენი თავი და ეს მაგალითი აჩვენებს ერთობას, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხმარება" - თქვა მერცმა გერმანულ სატელევიზიო გადაცემა RTL Direkt-თან ინტერვიუში.

"მოდით, ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაში 0%-იანი ტარიფი დავაწესოთ, და პრობლემაც მოგვარდება" - დაამატა მან.

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჩინეთის მხრიდან მსოფლიო ბაზრის მიმართ "გამოჩენილი უპატივცემულობის გამო", იგი ჩინურ იმპორტზე ტარიფს 125%-მდე გაზრდის.

მეორე მხრივ, ვინაიდან 75-მდე ქვეყანამ აშშ-თან ტარიფებზე მოლაპარაკება სცადა, ტრამპი დანარჩენ ქვეყნებს ახალ საპასუხო ტარიფებს 90 დღით შეუჩერებს და მათ წინააღმდეგ მხოლოდ 10%-იანი ტარიფით შემოიფარგლება.