ბირჟებზე პარასკევის ვაჭრობა ევროპული აქციების ზრდით გაიხსნა, რადგან ინვესტორებმა თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული სავაჭრო პოლიტიკის უახლესი განცხადებები შეაფასეს.
საერთოევროპული ინდექსი Stoxx 600 ვაჭრობის დაწყებიდან მალევე 0.4%-ით გაიზარდა, სექტორების უმეტესობა დადებით ტრენდს აჩვენებს.
გუშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხაა, რომ 1 ოქტომბრიდან აშშ-ში ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი 100%-იანი გადასახადით დაიბეგრება. ეს შეზღუდვა არ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ამერიკაში საწარმოო ობიექტებს ააშენებენ — თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე დაწყებული ექნებათ ქარხნების მშენებლობა.
მანამდე ტრამპი მედიკამენტების იმპორტზე 200%-იანი ტარიფებით იმუქრებოდა.
კომპანიები Galderma (-1.6%), Zealand Pharma (-2%) და Novo Nordisk (-1.4%), პარასკევს დილით ევროპის ფარმაცევტული სექტორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე კომპანიებს შორის იყვნენ.
თუმცა, ტრამპის განცხადებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში JP Morgan-ის ანალიტიკოსებმა შეარბილეს ნეგატიური მოლოდინები ახალი ტარიფების გავლენაზე ფარმაცევტულ სექტორზე.
„პოტენციური 100%-იანი ტარიფის თავიდან აცილება შესაძლებელია აშშ-ში წარმოების გაძლიერებით,“ – ნათქვამია განცხადებაში – მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებაში ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია, ჩვენ კვლავ ვთვლით, რომ ტარიფების საერთო გავლენა მაღალი კაპიტალიზაციის მქონე პროდუქტებზე მართვადია.“
ხუთშაბათს, ევროპის საფონდო ბირჟები აქციების კლებით დაიხურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების დაწყების შესახებ სამედიცინო მოწყობილობების იმპორტთან დაკავშირებით. ამან კი, შესაძლოა, შემდგომი ტარიფების დაწესება გამოიწვიოს.
აზიაში კი ფარმაცევტული კომპანიების აქციები ერთ ღამეში გაუფასურდა, რითიც ინვესტორებმა რეაგირება მოახდინეს სექტორზე აშშ-ის მხრიდან ტარიფების მოსალოდნელ დაწესებაზე.