აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გადაზიდვებისთვის ღია რჩება ირანის განცხადებების მიუხედავად.

12 ივლისს ასეთივე განცხადება გაავრცელა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ. „ირანი სრუტეს არ აკონტროლებს. მოძრაობა გრძელდება“, ნათქვამია CENTCOM-ის მიერ სოცქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა პოსტში აშშ-ის სარდლობამ მოიყვანა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადება სრუტის „დახურვის“ შესახებ და აღნიშნა, რომ სრუტე საერთაშორისო საზღვაო გზაა და აშშ-ის სამხედროები უზრუნველყოფენ მასში საზღვაო მიმოსვლის თავისუფლებას.

ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა ირანი შეთანხმების დარღვევაში და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებმა წუხელ ირანის ობიექტები „ჯოჯოხეთურად დაბომბეს“.

ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს არაბეთის ზღვასთან აკავშირებს და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მიწოდებისთვის. მარტის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ირანმა ფაქტობრივად დაბლოკა სრუტეში მოძრაობა. ივნისის შუა რიცხვებში აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებდა სრუტის გახსნას მინიმუმ 60 დღით, რომლის განმავლობაშიც უნდა ჩატარებულიყო მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებაზე.

თუმცა, ირანი კვლავ აგრძელებს მტკიცებას, რომ სრუტეში გადაადგილებული გემები მხოლოდ ირანის ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ მარშრუტებს უნდა მიჰყვებოდნენ. მიმდინარე კვირაში ირანის სამხედრო ძალებმა არაერთხელ დაარტყეს გემებს, რომლებიც, როგორც ამტკიცებენ, შეუთანხმებლად მოძრაობდნენ. საპასუხოდ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში სამიზნეებზე თავდასხმა დაიწყეს. ბოლო დარტყმები 11-12 ივლისის ღამეს მოხდა.

აშშ-ის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ გემებს სრუტეში გავლა შეუძლიათ ე.წ. სამხრეთის დერეფნით, რომელიც ომანის სანაპიროსთან ახლოსაა. თუმცა, ირანი ამ მარშრუტს შეუთანხმებლად მიიჩნევს და ასეთ გემებს დარტყმებით ემუქრება. Hormuz Strait Monitor-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სრუტე 20-მა გემმა გაიარა. ჩვეულებრივი სატრანსპორტო ნაკადის დაახლოებით ერთი მეექვსედია.

www.radiotavisupleba.ge