რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტრამპის მიმართვის პასუხად უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ და ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდა. პუტინმა ასევე მოითხოვა, რომ "შესაბამისი ბრძანება იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შესახებ" "უკრაინის სახმედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ" გასცეს.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთის არმიის მიერ "ალყაშემორტყმული" უკრაინელების დანდობა სთხოვა.

უკრაინის გენშტაბი "ალყის" შესახებ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს რუსული დეზინფორმაციაა, რომელიც უკრაინაზე ზეწოლას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

პუტინი ირწმუნება, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) ნაწილი "ბლოკირებულია".

"ჩვენ გავეცანით აშშ-ს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტრამპის დღევანდელ მიმართვას უკრაინის არმიის სამხედროების დანდობასთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქში შეჭრის ზონაში რუსი სამხედროების მიერ არის ბლოკირებული. [...]

მათი [მეომრების] საქციელები, როგორც უკვე ვახსენე, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ ტერორიზმად კლასიფიცირდება. ამასთანავე, ჩვენ გაგებით ვეკიდებით პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას, რომ ამ სამხედროების მიმართ ჰუმანიტარული ხასიათის განსჯით ვიხელმძღვანელოთ.

ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში მათ საერთაშორისო სამართლის ნორმების და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა გარანტირებული ექნებათ.

აშშ პრეზიდენტის მოწოდების ეფექტიანად შესასრულებლად აუცილებელია უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან მისი სამხედრო ნაწილებისთვის შესაბამისი ბრძანება იარაღის დაყრისა და ჩაბარების შესახებ". - თქვა პუტინმა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უარყოფს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ერთეულები ალყაში არიან მოქცეულები.

"გასული დღის განმავლობაში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. კურსკის სამხედრო დაჯგუფების ოპერაციულ არეში საომარი ოპერაციები მიმდინარეობს". - წერია გენშტაბის განცხადებაში.

12 მარტს, დღის პირველ ნახევარში რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა კურსკის ოლქში, ქალაქ სუჯის ცენტრში შეაღწიეს. 

გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანდა, რომ რუსი სამხედროები რუსეთისა და სხვადასხვა დანაყოფების დროშებს ქალაქის ცენტრში შლიდნენ.

ამას გარდა, უკრაინულმა სამხედრო-ანალიტიკურმა პროექტმა DeepState-მა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთანაა დაახლოებული, გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბრძოლები სუჯის გარეუბნებში ვრცელდებოდა. მათ მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ჩანს, რომ ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლს მიღმაა დარჩენილი, თუმცა დასახლების დასავლეთ ნაწელი რუხ ზონაშია მოქცეული. როგორც DeepState-მა ხაზი გაუსვა, ესაა მონაკვეთები, სადაც ბრძოლები გრძელდება. მათ ქალაქიდან უკრაინელი სამხედროების სრულად გამოყვანის შესახებ გავრცელებული ცნობა უარყვეს.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ სუჯის შემოგარენსა და მის მახლობლად მდებარე რაიონებში ბრძოლები გრძელდება. მან აღნშნა, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნება იქნება და საჭიროების შემთხვევაში, შეასრულებენ "მანევრებს უფრო ხელსაყრელ ფარგლებში". მისივე თქმით, კურსკის ოლქში თავდაცვით პოზიციებს მანამ შეინარჩუნებენ, სანამ ეს "მიზანშეწონილი და აუცილებელი" იქნება.

ამავე პერიოდში ვლადიმირ პუტინი კურსკში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრილი სამხედროები ტერორისტები არიან. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა.

"ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, აქ სჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე." - თქვა პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს.

წყარო: ტაბულა