გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკის შემდეგ იძულებული გახდა, ჩაგოსის კუნძულების შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაეწვია.
კანონპროექტის თანახმად, გაერთიანებული სამეფო ჩაგოსის არქიპელაგს მავრიკს გადასცემდა და სანაცვლოდ იქ მდებარე დიეგო გარსიას სამხედრო ბაზას იჯარით დაიბრუნებდა. ცნობისთვის, ეს ობიექტი 1970-იან წლებშია აშენებული და მას ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალები იყენებენ.
კანონმდებლობის განხილვა ლორდთა პალატაში იყო დაგეგმილი, თუმცა 23 იანვრის საღამოს გაუქმდა შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტიის წევრებმა მთავრბოა გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი სავარაუდოდ აშშ-სთან 60 წლის წინ დადებულ ხელშეკრულებას დაარღვევდა, რომელიც არქიპელაგზე გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტს აღიარებს და მხარეებს შორის არქიპელაგზე სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოს ამყარებს.
კვირის დასაწყისში დონალდ ტრამპმა კანონპროექტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს გეგმა "უზარმაზარი სისულელე" იყო.