Politico-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, რათა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ერთად ომის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. გამოცემას ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.

Politico-ს ცნობით, აშშ-ს დელეგაციაში იქნებიან აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.

თუმცა, ზემოხსენებული ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დელეგაციაში არ იქნება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი.

წყაროების ცნობითვე, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ მსხვილი ევროპული ძალების წარმომადგენლები. როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტმა შესაძლოა, NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნების შეშფოთება გამოიწვიოს, ვინაიდან მათ ხშირად მოუწოდებიათ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, უზრუნველყოფილიყო მათი ადგილები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ მაკკოლმა უოლცისა და უიტკოფის გეგმა, შეუერთდნენ მარკო რუბიოს საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში POLITICO Pub-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრას მოელის. ტრამპის თქმით, ისინი "საბოლოოდ მოელიან, რომ შეხვდებიან" და ისინი "შეხვდებიან საუდის არაბეთში, რათა ნახონ, რისი გაკეთება შეუძლიათ". 

რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამერიკული მხარის ინიციატივით ქვეყნების საგარეო პოლიტიკის უწყებების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა". - თქვა სამინისტრომ ТАСС-ის თანახმად.

ცნობისთვის, 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინთან ხანგრძლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.

ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა.

ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

წყარო: ტაბულა