მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ ნეგატიურად დაიწყო, რადგან ძირითადი ინდექსების (S&P 500, Nasdaq, Dow Jones) შეფასება ორშაბათს საშუალოდ 2.5%-ით დაეცა.

მკვეთრი დაღმასვლის მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება იყო, რომელმაც აშშ-ის ფედერალური რეზერვის, ანუ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს, ჯერომ პაუელს „ლუზერი“ უწოდა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, FED-ის ხელმძღვანელი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ზედმეტად აგვიანებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელოვნურად ანელებს და რეცესიის დაწყების რისკებს ზრდის. სწორედ ამიტომ, ტრამპი FED-ისგან მონეტარული პოლიტიკის დაუყოვნებლივ შემსუბუქებას, ან ჯერომ პაუელის განთავისუფლებას მოითხოვს.

თავის მხრივ, პაუელი ამბობს, რომ FED-ის სტრატეგია გრძელვადიან ზრდაზე და ეკონომიკურ სტაბილურობაზეა გათვლილი, ამიტომ ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის სურვილების შესაბამისად არ და ვერ მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელ და აღმასრულებელ ორგანოებს შორის დაპირისპირება ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება, რაზედაც საფონდო ბირჟის ბოლოდროინდელი დინამიკაც მიუთითებს.

ვრცლად: bm.ge