The Washington Post-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმდინარე წელს 1 მილიონი იმიგრანტის დეპორტაციას სურს, რითიც ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი დეპორტაციების აგრესიული პოლიტიკა აიხსნება. გამოცემას ამის შესახებ 4 მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები ეუბნება.

აშშ-დან 1 წელიწადში 1 მილიონი იმიგრანტის დეპორტაცია რეკორდული მაჩვენებელი იქნებოდა და უკვე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს მკვეთრად გადააჭარბებდა. წელიწადში ყველაზე დიდი რაოდენობის იმიგრანტების აშშ-დან დეპორტაცია ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის დროს მოხდა, 2013 წელს, როდესაც ქვეყნიდან 400 000-ზე მეტი პირი გააძევეს.

როგორც Washington Post წერს, დეპორტაციის უკვე არსებული სტატისტიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიზანს, სულ მცირე, არარეალისტურად წარმოაჩენს, ვინაიდან გეგმის განხორციელებისთვის საკმარისი თანხები და მომსახურე პერსონალი არ არსებობს. ამასთან, იმიგრანტთა უმრავლესობას უფლება აქვს, ქვეყნიდან გაძევებამდე სასამართლო მოსმენა მოითხოვოს.

2 მოქმედი მაღალჩინოსნის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტთან და სხვა ფედერალურ სააგენტოებთან აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად თეთრი სახლის მრჩეველი სტივენ მილერი თითქმის ყოველდღიურად თანამშრომლობს.

ერთ-ერთი სტრატეგია, რომ დეპორტირებული პირების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს, ანონიმური წყაროების თქმით, იმ 1.4 მილიონი იმიგრანტის გაძევებისთვის საჭირო გზების პოვნაა, რომლებისთვისაც დეპორტაციის ბრძანება უკვე გაცემულია, თუმცა ეს ვერ ხერხდება, ვინაიდან თავიანთი ქვეყნები მათ უკან არ იღებენ.

წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას დეპორტირებული პირების მიღების საკითხზე ისეთ 30-მდე ქვეყანასთან აქვს კომუნიკაცია, რომელთა მოქალაქეობასაც აღნიშნული იმიგრანტები არ ფლობენ. სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ადმინისტრაცია წერდა, რომ აშშ-დან ასეთ ქვეყნებში (ასევე ცნობილი, როგორც "მესამე ქვეყნები") "ათასობით" იმიგრანტის გაგზავნას იმედოვნებდა.

დონალდ ტრამპს გასულ წელს წინასაარჩევნო კამპანიების დროსაც გაუხმოვანებია საკუთარი ამბიცია, მოეხდინა "მილიონობით" იმიგრანტის დეპორტაცია. ამასთან, გასულ წელს ტრამპის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ ადმინისტრაცია 1-მილიონიანი ნიშნულით დაიწყებდა.

თუმცა, როგორც Washington Post წერს, რიცხვები აჩვენებენ, რომ ამის განხორციელება მარტივი არ იქნება. აშშ-ში მყოფი 11 მილიონზე მეტი იმიგრანტის უმრავლესობას კანონით გათვალისწინებული უფლება აქვს, მოითხოვოს საიმიგრაციო სასამართლოს მოსმენა, სანამ მას ქვეყნიდან გააძევებენ. 

წყარო: tabula.ge