აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ფედერალურ სამსახურებში პლასტმასის საწრუპების ჩანაცვლებაზე ბაიდენის გეგმას გააუქმებს.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

"შემდეგ კვირას ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დაასრულებს ბაიდენის სულელურ კამპანიას ქაღალდის საწრუპი ჩხირების მხარდასაჭერად, რომლებიც არ მუშაობს. ვუბრუნდებით პლასტმასს!" - დაწერა ტრამპმა. 

მანამდე, ბაიდენის ადმინისტრაციის შემუშავებული პროექტით იგეგმებოდა, რომ აშშ-ს ფედერალურ მთავრობას ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტები 2035 წლისთვის ფედერალური მთავრობის ყველა აქტივობაში, ხოლო 2027 წლისთვის ფედერალურ კვებით მომსახურებაში, ღონისძიებებსა და შეფუთვებში სრულად ჩაენაცვლებინა. 

პლასტმასის საწრუპი ჩხირების შესახებ დავა გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ დისკუსიას უკავშირდება.  ბაიდენის ადმინისტრაციის 83-გვერდიან ანგარიშში, რომელიც პლასტმასით დაბინძურებას ეხება, ნათქვამია, რომ პლასტმასის 90% წიაღისეული საწვავის შედეგად არის მოპოვებული.

წინა საპრეზიდენტო ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ პლასტმასის ერთჯერადი პროდუქტების გამოყენების შეზღუდვით, კლიმატის ცვლილებაზე გავლენას შეამცირებდა. 

ცნობისთვის, 2020 წელს ტრამპმა პლასტმასის საწრუპი ჩხირების ჩანაცვლების გეგმა გააკრიტიკა. 

"მათ საწრუპი ჩხირების აკრძალვა უნდათ. ვინმეს უცდია ეს ქაღალდის საწრუპი ჩხირები? ძალიან კარგად არ მუშაობს. როცა სვამ, იშლება". - თქვა ტრამპმა. 

წყარო: ტაბულა