TikTok ბლოგერი კოლინ სლაგენი მშობლებს შვილებისთვის სახელების შერჩევაში ეხმარება. მასთან კონსულტაციის ფასი $250-იდან იწყება და მინიმუმ 6 კვირით ადრე ჩაწერაა საჭირო. 

33 წლის ქალმა თავისი ძველი ჰობი მოგებიან ბიზნესად აქცია. სკოლაში სლაგენი ხშირად ოცნებობდა მომავალ ოჯახზე და იმაზე, თუ რას დაარქმევდა შვილებს.

გასულ წელს კოლინი მომავალი მშობლების ერთ-ერთ ფეისბუკ ჯგუფში დისკუსიებით დაინტერესდა. ჯგუფის ზოგიერთი წევრი კონსულტაციას უწევდა სხვა მომხმარებლებს ჩვილების სახელების შესახებ. მან კი გადაწყვიტა ეს სერვისი მომავალი მშობლებისთვის შეეთავაზებინა და TikTok-ზე ბლოგი შექმნა, რომელშიც თემატური ვიდეოები გამოაქვეყნა. მის გასაკვირად, ვიდეოებმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

შედეგად, სლაგენმა დააარსა კომპანია Naming Bebe და მომავალი მშობლებისთვის რჩევების მიცემა დაიწყო. თავის საქმიანობაში ის სხვადასხვა საცნობარო და სტატისტიკურ მონაცემებს იყენებს. კოლინი მომხმარებლების კონკრეტულ სურვილებსაც ითვალისწინებს: მარცვლების რაოდენობას, გვართან თანხმობას ან რაიმე ფენომენთან ან პროექტთან, მაგალითად, პოპულარულ სერიალთან კავშირს. ის ხშირად საკმაოდ უცნაურ მოთხოვნებსაც იღებს. 

მაგალითად, ერთ-ერთმა წყვილმა კოლინს სთხოვა მოეფიქრებინა „გოგონას სახელი აღმასრულებელი დირექტორის ენერგიით“, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დასრულდებოდა „ნ“-ით.

ერთხელ კი ერთმა კლიენტმა სლაგენს სთხოვა ეპოვა ან მოეფიქრებინა „ბნელი და გოთიკური“ სახელი, რომელიც სერიალ Game of Thrones-ის ასოციაციას შექმნიდა. 

ამჟამად კოლინი ათობით მოთხოვნას იღებს და თავის ბიზნესს კვირაში დაახლოებით 20 საათს უთმობს. მასთან საბაზისო კონსულტაცია $250 ღირს, რაშიც შედის ვიდეო 8 სახელით ან ტექსტური სია 10 სახელით და მათი ანალიზი. ყველაზე ძვირად ღირებული, $400-იანი პაკეტი, სახლის 30 ვარიანტს მოიცავს.