თეთრ სახლში ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები დაიბარეს და მათ ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებისგან საზოგადოების დაცვა დაავალეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კორპორაცია BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ Google-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა და კომპანია OpenAI-ს ხელმძღვანელი სემ ალტმანი, რომლის კომპანიაც ChatGPT-ის შემქმნელია.
შეხვედრაზე კომპანიების ხელმძღვანელებს განუცხადეს, რომ მათ ეკისრებათ მორალური ვალდებულება, დაიცვან საზოგადოება. ამასთან, თეთრ სახლში არ გამორიცხეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესება.
ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელებს განუცხადეს, რომ მათმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ მათი პროდუქტების უსაფრთხოება და დაცულობა.
როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალმა ტექნოლოგიებმა, შესაძლოა, რისკი შეუქმნან უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას და სამოქალაქო უფლებებს, თუმცა ასევე მათ შეუძლიათ, ცხოვრების გაუმჯობესება. მისი თქმით, კერძო სექტორს ეკისრება „ეთიკური, მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათი პროდუქტების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად“.
BBC-ის ცნობით, თეთრმა სახლმა მეცნიერების ეროვნული ფონდიდან 140 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა ხელოვნური ინტელექტის კვლევის შვიდი ახალი ინსტიტუტის დასაფინანსებლად.