რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ორმა ტანკერმა, რომლებიც თავდაპირველად აშშ-ისკენ მიემართებოდნენ, მარშრუტი შეცვალეს და ამერიკულ პორტებში შესვლას აღარ გეგმავენ. ამის შესახებ Financial Times საზღვაო გადაზიდვების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტანკერი Talisman, რომელიც აშშ-ის ატლანტის სანაპიროსკენ მიემართებოდა, ხმელთაშუა ზღვაში შევიდა და ამჟამად ალჟირის სანაპიროსთან იმყოფება. გემის დანიშნულების ადგილად ამერიკული პორტები აღარ არის მითითებული, ხოლო მისი სანავიგაციო სიგნალი დამატებითი მითითებების მოლოდინზე მიუთითებს.

მეორე ტანკერმა, Leruo-მ, რომელიც სიერა-ლეონეს დროშით დაცურავს, 2 ნოემბერს დანიშნულების ადგილად ბრაზილია მიუთითა. მანამდე გემი აშშ-ის ატლანტის სანაპიროსკენ მიემართებოდა.

მესამე ტანკერი, Agioi Fanendes, ამ დროისთვის კვლავ აშშ-ის მიმართულებით მოძრაობს, თუმცა მისი საბოლოო დანიშნულების პორტი დადასტურებული არ არის. გემის მარშრუტის ცვლილება შესაძლოა ამერიკელი მყიდველების სიფრთხილეს უკავშირდებოდეს, რასაც რუსულ საწვავთან დაკავშირებული სანქციებისა და სამართლებრივი რისკები განაპირობებს.