გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გადადო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ყალბი ახალი ამბების საწინააღმდეგო ზომების შემოღება, რათა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებები არ შეფერხდეს.

პრემიერმინისტრ კირ სტარმერის მთავრობა სოციალურ მედიაში "ლეგალური, თუმცა მავნე შინაარსის" აკრძალვის წინადადების ხელახლა განხილვას გეგმავდა.

გასულ ზაფხულს ლეიბორისტებმა "ონლაინ უსაფრთხოების აქტის" გადახედვა დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც, ტექნოლოგიური კომპანიები ვალდებულნი ხდებოდნენ გამოევლინათ და წაეშალათ ლეგალური, თუმცა მავნე შინაარსი თავიანთ პლატფორმებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებოდნენ.

გამოცემა წერს, რომ სიტყვის თავისუფლების დამცველებმა გამოთქვეს შიში, რომ ეს მუხლი, მიუხედავად კეთილი მიზნებისა, შესაძლოა, პოლიტიკური შეხედულებების დათრგუნვისთვის გამოყენებულიყო.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი სიტყვის თავისუფლებისადმი ლეიბორისტული მთავრობის მიდგომებს ღიად აკრიტიკებდნენ.

The Telegraph-ის ინფორმაციით, ლეიბორისტები აღარ აპირებენ აღნიშნული ზომის ხელახლა შემოღებას და ამის ნაცვლად ბავშვთა დაცვის გაძლიერებაზე ფოკუსირდებიან. მათ შორის, იმ მოთხოვნების განვითარებაზე, რომლებიც ვებსაიტებზე მომხმარებლების ასაკის შემოწმებას ითვალისწინებს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესსპიკერის თქმით, "ონლაინ უსაფრთხოების აქტი მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას ისეთი მავნე შინაარსისგან, როგორიც თვითდაზიანება ან კვების აშლილობებია".

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ცვლილებების ხელახლა შემოღება თეთრ სახლთან დავას გამოიწვევდა, იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ბიზნესისა და ვაჭრობის სახელმწიფო მდივანმა ჯონათან რეინოლდსმა განაცხადა, რომ ამერიკელების შეშფოთება სიტყვის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით ტარიფებზე მოლაპარაკებების ბარიერად არ უნდა იქცეს.

"ამ საკითხზე მართლაც იყო საუბარი აშშ-ს მხრიდან, მაგრამ ის ჩვენ სავაჭრო მოლაპარაკებებში არსებით ელემენტს არ წარმოადგენს". - უთხრა რეინოლდსმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი სიტყვის თავისუფლებისადმი დამოკიდებულებით ყოველთვის ამაყობდა. "არ მჯერა, რომ არსებობს რაიმე სერიოზული შეშფოთება, რაც ხელს შეუშლის ძლიერ და ნაყოფიერ სავაჭრო ურთიერთობებს მომავალში". - აღნიშნა ბიზნესისა და ვაჭრობის სახელმწიფო მდივანმა.

წყარო: tabula.ge