თურქეთის სასამართლომ სტამბოლის კორუფციაში ეჭვმიტანილი მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ასობით მომიტინგე დააკავეს.

„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე 323 ადამიანი დააკავეს.

„ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ წესრიგს, დაუშვებელია“, – წერს ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ღამის განმავლობაში სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი არაერთხელ გამოიყენა.

ამასთან, 400-მა თურქმა ხელოვანმა ღია წერილით მიმართა სასამართლოს და იმამოღლუს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. გამოძიების ფარგლებში სულ დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დაკავებამდე ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

წყარო: ipn.ge     1tv.ge