Spotify აღარ არის მხოლოდ მუსიკისა და პოდკასტების სტრიმინგ-პლატფორმა – ის ფიზიკური წიგნების მაღაზიად იქცა. ამიერიდან, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე პლატფორმის მომხმარებლებს ბეჭდური წიგნების შეკვეთაც შეუძლიათ. სიახლე ამჟამად მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა უკვე მომავალი კვირიდან მას iOS სისტემის მხარდაჭერაც დაემატება.

ეს ნაბიჯი კომპანიამ ჯერ კიდევ თებერვალში დააანონსა და მისი განსახორციელებლად პლატფორმა Bookshop.org-თან გააფორმა პარტნიორობა. ეს არის ონლაინ სივრცე, რომელიც ძირითადად ლოკალურ, დამოუკიდებელ წიგნის მაღაზიებზე ფოკუსირდება და როგორც ბეჭდურ, ისე ელექტრონულ წიგნებს ყიდის. აღსანიშნავია, რომ Spotify-მ აუდიოწიგნების ინტეგრაცია 2022 წლის სექტემბერში, აშშ-ის ბაზრიდან დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ კატალოგი და გეოგრაფიული არეალი სტაბილურად გააფართოვა. დღეს ის უკვე 22 ბაზარზე ოპერირებს და 700 000-მდე დასახელების წიგნს აერთიანებს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა თავდაპირველად წმინდა ციფრულმა პლატფორმამ ფიზიკურ პროდუქტებზე გადართვა? კომპანიის აუდიოწიგნების მიმართულების ხელმძღვანელობის ხედვით, კითხვისა თუ მოსმენის მომავალი ბევრად უფრო მოქნილი უნდა იყოს და ადამიანების ყოველდღიურობას ბუნებრივად ერგებოდეს. Spotify-ის სტრატეგიული მიზანია, თავისი მთავარი ძლიერი მხარეები – კონტენტის აღმოჩენისა და ჩართულობის მექანიზმები – როგორც აუდიო, ისე ფიზიკურ ფორმატებზე გაავრცელოს. ეს მიდგომა ავტორებს საშუალებას მისცემს, აუდიტორიასთან კიდევ უფრო ღრმა კავშირი დაამყარონ, ხოლო მკითხველებს შეეძლებათ, საყვარელი წიგნები ნებისმიერ სასურველ ფორმატში, ყველგან თან ატარონ.

ფიზიკური წიგნების გაყიდვის გარდა, პლატფორმამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე წარადგინა. მათ შორისაა Page Match ფუნქციის 30 დამატებით ენაზე გაფართოება, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ელექტრონულ, ფიზიკურ და აუდიოწიგნებს შორის შეუფერხებლად გადაერთოს. ამასთან, ანდროიდის მომხმარებლებისთვის გაფართოვდა აუდიოწიგნების შეჯამების ფუნქციაც. პარალელურად, გერმანიის ბაზარზე აუდიოწიგნების ჩარტები ჩაეშვა, ხოლო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სპეციალურად საბავშვო აუდიოწიგნებისთვის ცალკე ჩარტი შეიქმნა.

წყარო: Mashable,  www.marketer.ge