ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის მხრიდან მოთხოვნის ზრდის, აშშ-ში მარაგების დაგროვებისა და მიწოდების დეფიციტის ფონზე, სპილენძის გლობალურმა ფასები რეკორდულ მაქსიმუმს მიუახლოვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Nikkei და Bloomberg ავრცელებენ.
სამთვიანმა ფიუჩერსულმა ხელშეკრულებებმა გასული კვირის ბოლოს ტონაზე 13,791 აშშ დოლარს მიაღწია, ორშაბათს კი ფასი 13,970 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ეს იანვრის ბოლოს დაფიქსირებულ ყველა დროის მაქსიმუმზე, 14,527.50 აშშ დოლარზე ოდნავ ნაკლებია.
ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეერთებულ შტატებში მოთხოვნის მკვეთრი ზრდა იყო. Bloomberg-ის მონაცემებით, ივლისში ამერიკის პორტებში 200 000 ტონაზე მეტი სპილენძი ჩავიდა - ეს ყველაზე დიდი ყოველთვიური მოცულობაა მას შემდეგ, რაც IHS Markit-მა 2014 წელს სტატისტიკის წარმოება დაიწყო.
მოვაჭრეები აგრძელებენ ლითონის იმპორტს შეერთებულ შტატებში და ელოდებიან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რაფინირებული სპილენძის იმპორტზე ტარიფების შესაძლო შემოღების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, აშშ-ში ფასები ევროპაში არსებულთან შედარებით მაღალი რჩება, რაც ასეთ მიწოდებას მომგებიანს ხდის.
მოთხოვნის მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ხელოვნური ინტელექტის განვითარება. სპილენძი გამოიყენება ელექტროქსელებისა და მონაცემთა ცენტრების მშენებლობაში, ასევე ელექტრომობილების წარმოებაში, რომლებიც სამიდან ოთხჯერ მეტ ლითონს საჭიროებენ, ვიდრე შიდა წვის ძრავიანი მანქანები.