აშშ-ის მთავრობამ TRIPP+ მეწარმეობის განვითარების ფონდის დაფინანსება 201 მილიონიდან 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას Armenpress-ი აშშ-ის მთავრობის ხარჯების ოფიციალურ ბაზაზე (USAspending.gov) დაყრდნობით ავრცელებს.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაფინანსება უკავშირდება Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP)-ის ინიციატივას, რომელიც სამხრეთ სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი სამხრეთ კავკასიის ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებაა.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიურომ TRIPP+ ფონდს 201 მილიონი დოლარის გრანტი 2026 წლის 30 იანვარს გამოუყო, ხოლო მიმდინარე წლის 16 ივლისს დაფინანსება 402 მილიონ დოლარამდე გაზარდა. პროგრამის დასრულების ვადად კვლავ 2036 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული, ხოლო გათვალისწინებული თანხა სრულად უკვე გამოყოფილია.
TRIPP+ ფონდი 2026 წლის 26 იანვარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის ვაშინგტონში გამართული შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ სომხეთში TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვისთვის შეიქმნება TRIPP Development Company, რომლის 26%-ს სომხეთი, ხოლო 74%-ს აშშ ფლობს.
TRIPP+ Enterprise Fund და TRIPP Development Company ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურებია. პირველი საინვესტიციო ფონდია, რომელსაც ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი ხელმძღვანელობს, ხოლო მეორე უშუალოდ ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ეგიდით იმუშავებს.
Armenpress-ის შეფასებით, დაფინანსების გაორმაგება ემთხვევა ვაშინგტონის მცდელობას, გააძლიეროს მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ტრანსკასპიურ დერეფანთან დაკავშირებული პროექტების მხარდაჭერაში. ინიციატივის ავტორების შეფასებით, TRIPP-ის მარშრუტს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს როგორც რეგიონულ ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე, ისე სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ გარემოზე.