SpaceX-ის IPO-ს დოკუმენტაციამ კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ილონ მასკის გრძელვადიანი გეგმების შესახებ იშვიათი დეტალები გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიხედვით, მასკის მიზანი კვლავ მარსზე ადამიანთა მუდმივი კოლონიის შექმნაა, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს სტრატეგია კომპანიის მოგებიანობასა და აქციონერების ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.
SEC-ში შეტანილი განაცხადის თანახმად, მასკი მიიღებს თითქმის 1 მილიარდ დამატებით Class B აქციას მას შემდეგ, რაც კომპანია კონკრეტულ საბაზრო შეფასებებს მიაღწევს და მარსზე მინიმუმ 1-მილიონიანი მუდმივი კოლონია შეიქმნება. SpaceX-ი დოკუმენტებში პირდაპირ აცხადებს, რომ მისი მისია „კაცობრიობის ცხოვრების მრავალპლანეტარულად ქცევა“.
ამჟამად მასკი SpaceX-ის ხმების დაახლოებით 85%-ს აკონტროლებს და მას თითქმის 850 მილიონი Class A და 5.57 მილიარდი Class B აქცია ეკუთვნის. კომპანიის მონაცემებით, არცერთ სხვა აქციონერს 5%-ზე მეტი წილი არ აქვს.
ჯეი რიტერი, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის ფინანსების მიმართულების პროფესორი და IPO Initiative-ის დირექტორია, აცხადებს, რომ მას Starlink-ის მოგებაზე SpaceX-ის შესაძლო დამოკიდებულება აშფოთებს, რათა მარსის კოლონიზაციის „უზარმაზარი ხარჯები“ დაფინანსდეს.
რიტერის შეფასებით, მარსზე კოლონიის შენარჩუნებას კოლოსალური სუბსიდიები დასჭირდება, ხოლო მასკის კონტროლის პირობებში აქციონერებს პრაქტიკულად არ ექნებათ შესაძლებლობა, ამ სტრატეგიას წინ აღუდგნენ.
Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ამჟამად 807.7 მილიარდ დოლარს აღწევს. SpaceX-ის IPO-ს შემდეგ კი ის შესაძლოა ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდეს. ანალიტიკოსები კომპანიის შეფასებას 1.5-დან 2 ტრილიონ დოლარამდე ელოდებიან, რაც მას ისტორიაში ყველაზე დიდ IPO-დ აქცევს.
თუ SpaceX-ის შეფასება 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, მასკის წილი დაახლოებით 600 მილიარდ დოლარად შეფასდება და მისი მთლიანი ქონება 1.4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. $2-ტრილიონიანი შეფასების შემთხვევაში კი მისი ქონება შესაძლოა 1.6 ტრილიონ დოლარზე მეტი გახდეს.
ფინანსური დოკუმენტების მიხედვით, SpaceX-მა ბოლო კვარტალში 4.28 მილიარდი დოლარის ზარალი დააფიქსირა, 2025 წელს კი კომპანიის ზარალმა 4.94 მილიარდ დოლარს მიაღწია. მიუხედავად ამისა, Starlink-ი კომპანიის მთავარი შემოსავლის წყაროდ რჩება. სატელიტური ინტერნეტის ბიზნესი პირველ კვარტალში SpaceX-ის შემოსავლის 69%-ს, ანუ 4.69 მილიარდ დოლარს უზრუნველყოფდა.
დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიის მხოლოდ კავშირგაბმულობის მიმართულებაა მოგებიანი. ამავე დროს, SpaceX-ის კოსმოსურმა განყოფილებამ 619 მილიონი დოლარი იზარალა, ხოლო AI-ბიზნესის ზარალმა 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ Anthropic-ი, გამოთვლითი სიმძლავრის ხელმისაწვდომობისთვის, SpaceX-ს 2029 წლის მაისამდე ყოველთვიურად 1.25 მილიარდ დოლარს გადაუხდის. შეთანხმება კომპანიებს შორის მიმდინარე თვეში გაფორმდა და 300 მეგავატზე მეტ AI–ინფრასტრუქტურაზე წვდომას მოიცავს. აქვე გეტყვით, რომ SpaceX-ი, უკვე 2028 წლიდან, კოსმოსში მონაცემთა ცენტრების განთავსებას გეგმავს.
SpaceX-ის ხარჯები ბოლო კვარტალში 10.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. ხარჯების უდიდესი ნაწილი, 7.7 მილიარდი დოლარი, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე მოდიოდა. შედარებისთვის, 2025 წელს კომპანიამ AI-ზე 12.7 მილიარდი დოლარი დახარჯა, ხოლო კოსმოსურ პროექტებზე – 3.8 მილიარდი დოლარი.