რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გლობალური საცხენოსნო ტურების პლატფორმა Horsetoursguide-ის ხელმძღვანელმა ანა ნადირაძემ განაცხადა, რომ საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა იზრდება.

მისივე თქმით, მოთხოვნა მზარდია როგორც ტურისტების, ისე ქართველების მხრიდან.

ბოლო წლებში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების მხრიდან. ხალხს უკვე აღარ უნდა მხოლოდ სტანდარტული ტურები და ეძებენ ახალ გამოცდილებებს, ბუნებასთან უფრო ახლო კავშირსა და ავთენტურ აქტივობებს.  ცხენით მოგზაურობა კი ამ ყველაფერს აერთიანებს და მიმზიდველი მიმართულებაა. ჩვენი კომპანიის გამოცდილებით,  ევროპელებისა და ამერიკელების მხრიდან მოთხოვნა არის ძირითადად  მრავალდღიან ტურებზე, ხოლო საათობრივ და ერთდღიან ტურებზე ძირითადად მოთხოვნაა  ებრაელებისა და არაბების მხრიდან.  გარდა ამისა, ქართველების მხრიდანაც გაიზარდა მოთხოვნა. თუკი რამდენიმე წლის წინ 1 პროცენტიც არ იყო ქართველების წილი, ახლა ეს მაჩვენებელი ბევრად მომატებულია.

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი თავისი უნიკალური ბუნებისა და მრავალფეროვანი ლანდშაფტის გამო.  საცხენოსნო ტურები სხვა ქვეყნებშიც ხორციელდება, თუმცა, ვფიქრობ, მსგავსი შეგრძნებები, რაც საქართველოშია სხვაგან არ არის“, - განაცხადა ანა ნადირაძემ.