თურქეთში ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 51.4 პროცენტი უჭერს მხარს. თურქული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის გამოკითხვა საკვლევმა ცენტრმა, „ოპტიმარმა“ 25-28 აპრილს ჩაატარა.
გამოკითხვაში 3 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, ორი კანდიდატიდან რომელს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 48.6 პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს.
„ერდოღანი, როგორც ჩანს, მიუახლოვდა იმ შედეგს, რომლითაც მან 2018 წლის არჩევნები მოიგო“, – წერს გამოცემა „ჰურიეთი“.
რაც შეეხება ოთხივე მთავარი კანდიდატის შესახებ გამოკითხვას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 48.6 პროცენტი, კილიჩდაროღლუ 44.1 პროცენტი, ინჯე – 4.3 პროცენტი, ოღანი – სამი პროცენტი.
თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალბათობა, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდება, 50 პროცენტზე ნაკლებია.