2024 წლის 30 მარტიდან სომხეთში რუსული გადახდის სისტემის Мир-ის ბარათები ბანკომატებსა და POS ტერმინალებში მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ რუსული მედია VTB Armenia-ს (რუსული VTB შვილობილი კომპანია) წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

„30 მარტიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ უნაღდო ანგარიშსწორებას POS ტერმინალებზე და ნაღდი ფულის გამოტანას რესპუბლიკის სხვა ბანკების ბანკომატებიდან. ეს არ იმოქმედებს VTB Armenia-ს ბარათების მუშაობაზე“, - განაცხადა VTB Armenia-ს წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ბანკი Мир-ის ბარათების მომსახურებას სრული მოცულობით აგრძელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ „მეგობარ“ ქვეყნებთან მუშაობას, რათა Мир-ის  ბარათები მიღებული იყოს მათ ინფრასტრუქტურაში. ამავდროულად, თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, ამ ბარათების მიღებასთან დაკავშირებით ", - თქვა რუსეთის ბანკის წარმომადგენელმა.

როგორც The Bell წერს, ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთში გადასახლებული რუსებითვის. სომხეთი იყო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლებელი იყო არა მხოლოდ რუსული ბარათით გადახდა, არამედ შიდა პასპორტით შესვლაც.