სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსული ტელეარხების მაუწყებლობა ქვეყანაში შეიძლება აიკრძალოს, თუ ისინი პატივს არ სცემენ სომხეთის მოქალაქეებს და პოლიტიკურ სისტემას.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებას News.am ციტირებს.

მან აღნიშნა, რომ სომხეთი ითხოვს პატივისცემით მოეპყრონ საკუთარ თავს და მის ინტერესებს.

„თუ ეს მოთხოვნა იგნორირებულია, მაშინ ყველა ეს ტელეარხი (რუსეთის სახელმწიფოს - რედ.) არ უნდა გადიოდეს სომხეთში, ეს გამორიცხულია“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.

მან დასძინა, რომ ეს ნებისმიერ ქვეყანას ეხება.

„ვფიქრობ, ჩვენ არ გვინდა რაღაც წარმოუდგენელი, ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთში შესაძლებელი იქნებოდა გასულიყო ისეთი ტელეარხის გადაცემა, რომლის ეთერშიც იგივე ლექსიკით საუბრობენ. ეს ეხება დადგენილ სახელმწიფო წესრიგს, მთავრობას და სახელმწიფოს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს სომხეთში დაიბლოკა რუსული პროპაგანდისტული გადაცემები „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირა საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“.