სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვები გაასაჩივრა და მათი მოხსნის მოლოდინი აქვს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ტიგრან გასპარიანის განცხადებით, ერევანი საკითხის გადასაჭრელად კავშირის ფარგლებში არსებული მექანიზმების გამოყენებას ცდილობს.

როგორც „არმენპრესი“ წერს, გასპარიანმა აღნიშნა, რომ საკითხის მოგვარება მხოლოდ რუსულ მხარესთან პირდაპირი კომუნიკაციით არ შემოიფარგლება და სომხეთს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობაც აქვს.

მისი თქმით, სომხურმა მხარემ შესაბამისი პროცედურით უკვე მიმართა კავშირის მექანიზმებს და ელოდება, რომ ისინი შეზღუდვების მოსახსნელად ეფექტიანად ამოქმედდება.

რუსული მხარის მიერ სომხური პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სომხეთის შეფასებით, დაწესებული შეზღუდვები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მოქმედ შეთანხმებებსა და პრინციპებს არ შეესაბამება.

გასპარიანის განცხადებით, სომხეთის პოზიციაა, რომ კავშირის ინსტიტუტებმა საკუთარი წესებისა და პრინციპების შესაბამისად უნდა იმოქმედონ, რის გამოც ერევანი საკითხის განხილვას შესაბამის ფორმატებში აგრძელებს.