სომხეთის პრემიერის განცხადებით, „სომხეთის რკინიგზის“ საკონცესიო მართვის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საკითხზე რუს პარტნიორებთან სამუშაო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

მათი ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხეს - მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან მის მიერ ადრე გაჟღერებულ წინადადებაზე, რომელიც რკინიგზის მართვის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას ეხება, რაზედაც მან უპასუხა:

„დიახ, რუს პარტნიორებთან სამუშაო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გაგებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობლები ვართ, რადგან, ვიმეორებ — ჩვენს სიტყვებში რუსეთის საწინააღმდეგო არაფერია. ჩვენ უბრალოდ ვუზიარებთ პარტნიორებს ობიექტურ სიტუაციას. ვამბობთ, რომ ამ ვითარებაში სომხეთი უბრალოდ კარგავს თავის კონკურენტულ უპირატესობებს; ჩვენ სხვა მოტივები არ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებამდე მივალთ“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთის რკინიგზის კონცესიური მართვის უფლება, რომელიც ამჟამად რუსეთის ხელშია, შესაძლოა იმ ქვეყანამ გამოისყიდოს, რომელსაც ორივე სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ფაშინიანი მაშინ ამბობდა, რომ ამით სომხეთი საერთაშორისო მარშრუტების კუთხით კონკურენტულ უპირატესობას შეინარჩუნებს. სომხეთის პრემიერმა ასეთ ქვეყნებად ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და კატარი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს 30-წლიანი საკონცესიო ხელშეკრულების საფუძველზე, სომხეთის რკინიგზის მართვა რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ გადაეცა.

bm.ge