სითბური ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპაში სამჯერ გაიზარდა. 10 დღის განმავლობაში (23 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით) ევროპის მხოლოდ 12 დიდ ქალაქში სიცხემ 1500 ადამიანი იმსხვერპლა. ამ შემთხვევაში, სიკვდილიანობა პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.
ჰაერის ტემპერატურის 2-3 გრადუსით მომატება შეიძლება არც თუ ისე საგანგაშოდ ჟღერდეს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს არის ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
ბენ კლარკი, კლიმატოლოგი: „თერმული ტალღები არ ტოვებენ განადგურების კვალს, როგორ ტყის ხანძარი და ქარიშხალი. მათი გავლენა უხილავი, მაგრამ უზარმაზარი შედეგების გამომწვევია“.
ყველა ქალაქს შორის, სადაც 23 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით დაკვირვება წარმოებდა, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მილანში დაფიქსირდა. ამ პერიოდში იქ თითქმის 500 ადამიანი დაიღუპა. აქედან 371 შემთხვევა უშუალო კავშირში იყო სიცხესთან. მილანის შემდეგ მოდიან ბარსელონა, პარიზი და ლონდონი. ათენში 96 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 79 უშუალოდ სიცხემ გამოიწვია.
ალექსი, ათენში მყოფი ტურისტი: „ახლა ჯერ მხოლოდ 8.15 საათია და უკვე საშინლად ცხელა. ჩემი თვალით დავინახე, რომ მოხუცმა სითბური დარტყმა მიიღო და დაეცა“.
სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის 88 პროცენტი 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე მოდის. ივნისში, სიცხის გამო, ხმელთაშუა ზღვის თავზე ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ საშუალო 26,1 გრადუსს მიაღწია.
ფრეია ვამბორგი, კლიმატოლოგი: „ხმელეთზე სიცხესთან ერთად, ჩვენ ასევე ვხედავთ სითბურ ტალღას ზღვაზე. ამან ღამის ტემპერატურის მატება გამოიწვია და ბოლო კვირების განმავლობაში, ტროპიკული ღამეების მოწმენი გავხდით“.
ლონდონის სამეფო კოლეჯის კვლევის მიხედვით, ევროპის ზოგიერთ ქალაქში, ბოლო წლებში, ტემპერატურა 4 გრადუსით გაიზარდა, რამაც დამატებით 1500 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. ევროპაში, სიცხის გამო, ყოველწლიურად 175 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
შედარებისთვის: 2021 წელს ჩრდილო-დასავლეთში წყალდიდობას 243 ადამიანი ემსხვერპლა. კლიმატური ცვლილებები სითბური ტალღებს სულ უფრო საშიშ ჩუმ მკვლელად აქცევს.
1 არხი