სირიის ახალმა ხელისუფლებამ სანქციების მოხსნის აშშ-ს მიერ წარდგენილი წინაპირობებთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს წერილობითი პასუხი გასცა.

Reuters ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიული მხარე პირობების უმრავლესობის შესრულებაზე თანახმაა, ხოლო ზოგიერთი მათგანის შესასრულებლად აშშ-სთან ურთიერთშეთანხმებას ითხოვს.

გასულ თვეში აშშ-მ სირიას რვა პირობა წაუყენა, რომელთა შორის არსებული ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა და უცხო ქვეყნის მებრძოლების სირიის ტერიტორიაზე არ დაშვებაა.

ოთხგვერდიან დოკუმენტში სირია პირობას დებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნის საკოორდინაციო ოფისს დაკარგული ამერიკელი ჟურნალისტის, ოსტინ ტაისის მოსაძებნად და დეტალურად აღწერს ქიმიური იარაღის მარაგებთან ბრძოლის პროცესს.

სირიის მიერ გაგზავნილ წერილში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებაც არის საუბარი.

თუმცა Reuters-ის მტკიცებით, წერილში ნაკლები იყო ნათქვამი უცხოელი მებრძოლების გაძევებასა და აშშ-სთვის სირიაში ანტიტერორისტული დარტყმების განხორციელების ნებართვის მიცემაზე.

ანტიტერორისტულ საკითხებზე აშშ-სთან კოორდინაციასა და ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმების ნებართვასთან დაკავშირებით, წერილში ნათქვამია, რომ ეს საკითხი "ურთიერთშეთანხმებებს მოითხოვს".

სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ, წარსულში აღნიშნა, რომ სირიაში აშშ-ს ჯარები მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებიან და რომ ამას ოფიციალური შეთანხმება სჭირდება.

სააგენტო სირიელ ოფიციალური პირზე დაყრდნობით წერს , დამასკო განიხილავს ალტერნატიულ გზებს ექსტრემისტების დასასუსტებლად ისე, რომ აშშ-ს არ მისცეს პირდაპირი დარტყმების ნებართვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა მიიღო სირიის პასუხი "ნდობის აღდგენის სპეციფიკურ და დეტალურ ზომებზე".

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამჟამად პასუხის მომზადება მიმდინარეობს.

სირიის ხელისუფლების წერილში ნათქვამია, რომ მიღებული ზომები, რომლებიც "გარანტიებად" არის შეფასებული, შესაძლებლობას მისცემს მხარეებს დეტალურად განიხილონ სანქციების მოხსნისა და საელჩოების გახსნის საკითხები.

მანამდე, აჰმედ ალ-შარაამ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება და აბრაამის შეთანხმებებთან შეერთების სურვილი გამოთქვა.

გამოცემა Bloomberg-თან საუბრისას ამერიკელმა კონგრესმენმა და აშშ-ს საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების წევრმა, კორი მილსმა აღნიშნა, რომ სირიის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის პირობები და ისრაელთან მშვიდობის დამყარების შესაძლებლობები განიხილა.

19 აპრილს კონგრესმენები კორი მილსი და მარლინ სტუცმანი დამასკოში აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოდან პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ალ-შარაამ მილსს შეხვედრისას უთხრა, რომ სირია "სწორი პირობების შემთხვევაში" აბრაამის შეთანხმებებთან შეერთებით არის დაინტერესებული. 

წყარო: tabula.ge