სამხრეთკორეელი მეცნიერები მუშაობენ სინათლით თერაპიის კომფორტულ ქუდზე, რომელიც, მათი აზრით, დაგვეხმარება თმის ცვენის შემცირებასა და ზრდაში.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, გამოგონების დახვეწილად მორგებულმა სისტემამ ადამიანის თმის უჯრედებში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები თითქმის 92 პროცენტით დათრგუნა დაუმუშავებელ უჯრედებთან შედარებით.
ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდია, ვიდრე წითელი სინათლით თერაპიის შემთხვევაში, რომელიც ამჟამად თმის ცვენის საწინააღმდეგო მრავალ ჩაფხუტში გამოიყენება.
ახალი ტექნოლოგია ეფუძნება ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს, რომლებიც სპეციალურადაა მორგებული, რათა მიზანში ამოიღოს ადამიანის დერმული პაპილა უჯრედები (hDPC) — თმის აღდგენაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც ფოლიკულების ძირშია განთავსებული.
თმის ცვენის საწინააღმდეგო სხვა ფოტოთერაპიული სამკურნალო საშუალებებისგან განსხვავებით, ამ ახალ პლატფორმას არ სჭირდება მყარ, მოცულობით ჩაფხუტზე დამაგრება. შესაძლებელია მოთავსდეს მოქნილ ქუდში, რომელიც სკალპთან უფრო ახლოსაა და თავისუფლადაა შესაძლებელი საჯარო სივრცეებში ტარება ისე, რომ თან მოდურად გამოიყურებოდეთ.
სინათლე, რომელსაც ის სკალპზე ასხივებს, უფრო დიფუზიურია, ვიდრე ამჟამინდელი საშუალებები, რომლებიც ძირითადად LED-ებს და ლაზერებს იყენებენ. ორგანული სინათლის გამოსხივების დიოდები (OLED) ასხივებენ ფართოდ გავრცელებად სინათლეს, რომელიც უფრო თანაბრად ნაწილდება.
„ვინაიდან OLED-ები თხელი და მოქნილია, მჭიდროდ ერგებიან სკალპის გამრუდებულ ზედაპირს და სინათლით თანაბარ სტიმულაციას ახდენენ მთლიან ზედაპირზე“, — ამბობს კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტის (KAIST) ელექტროინჟინერი კიუნგ ჩოელ ჩოი.
რეალური სატარებელი ქუდი ადამიანის თავზე ჯერ არ დატესტილა, მაგრამ ტექნოლოგიამ კარგი შედეგები აჩვენა ინსტიტუტში ჩატარებულ ექსპერიმენტებში, რომლებიც ჰონგ-კონგის საქალაქო უნივერსიტეტმა დააფინანსა.
თმის დაბერებული უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ცვენის მრავალ ფორმაში, მათ შორის, მემკვიდრეობითი ტიპის თმის ცვენაში (ანდროგენული ალოპეცია), რომელიც ყველაზე გავრცელებული ფორმაა მთელ მსოფლიოში.
როდესაც თმის ფოლიკულები ბერდებიან და კვდომას იწყებენ, გამოხატავენ ბიომარკერს, რომელსაც β-გალაქტოზიდაზა ეწოდება. ეს ფერმენტები პირველად 1995 წელს აღწერეს და ამჟამად გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალებათა ეფექტების შესაფასებლად.
კორეელ მეცნიერთა მიერ შექმნილი ახალი OLED პლატფორმა ამ ფერმენტის ძალიან დადებით შედეგებთანაა დაკავშირებული. ისეა მორგებული, რომ გამოყოფს ახლო ინფრაწითელ სინათლეს 730–740 nm დიაპაზონში, რომელიც, ჯგუფის განცხადებით, ოპტიმალურია დერმული პაპილა უჯრედების გასააქტიურებლად.
წითელი OLED-ით დამუშავებული თმის უჯრედებისგან განსხვავებით, ამ მორგებული OLED-ით დამუშავებულ უჯრედებს 92 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ ასაკთან დაკავშირებული დაქვეითების მარკერები.
თუ ეს შედეგი კლინიკურ ცდებშიც განმეორდა, ეს ტექნოლოგია შეიძლება მოწინავე გახდეს თმის ცვენის მკურნალობაში.
აშშ-ში მემკვიდრეობითი ტიპის თმის ცვენა მოსახლეობის 40 პროცენტს აქვს და ამის სამკურნალოდ მხოლოდ ორი პრეპარატია დამტკიცებული, ისიც გარკვეულწილად სერიოზული გვერდითი ეფექტებით.
ურეცეპტოდ გასაცემი ადგილობრივი გამოყენების საშუალება მინოქსიდილი თმის ცვენას ანელებს და ხელს უწყობს გარკვეულ ხელახლა ზრდას, მაგრამ ის ყველასთვის ეფექტიანი არაა.
თმის ცვენას ასევე ანელებს ორალური პრეპარატი ფინასტერიდი (ბრენდული სახელით პროპეცია, პროსკარი). სამწუხაროდ, ამ მედიკამენტს რამდენიმე გვერდითი ეფექტი აქვს, მათ შორის, ერექციული დისფუნქცია, სათესლე ჯირკვლების ან ძუძუების ტკივილი, ლიბიდოს შემცირება და დეპრესია. ამას გარდა, მისი გამოყენება არ არის დამტკიცებული ქალი პაციენტებისთვის.
გადანერგვის ინვაზიური პროცედურის თავიდან ასარიდებლად, სულ უფრო მეტი პაციენტი მიმართავს დაბალი სინათლის თერაპიას, რომელიც ანდროგენული ალოპეციის მკურნალობაში გარკვეულ ეფექტიანობას აჩვენებს ორივე სქესში.
კორეელ მკვლევრებს ამ შედეგების გაუმჯობესება სურთ. იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ შექმნიან თმის ცვენის საწინააღმდეგო ქუდის სრულად რეცხვად ვერსიას ყოველდღიური გამოყენებისთვის.
„მომავალში, ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გადამოწმებას პრეკლინიკური კვლევებით და თანდათან შევაფასებთ რეალური თერაპიული გამოყენების პოტენციალს“, — ამბობს კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოწინავე ინსტიტუტის (KAIST) ელექტროინჟინერი კიუნგ ჩოელ ჩოი.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია kaist.ac.kr-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.