უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ X-ზე უკრაინელ კოლეგას, ანდრიი სიბიჰას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი, რაც, სიიარტოს მტკიცებით, ბუდაპეშტის რუსეთ-უკრაინის "ომში ჩათრევის" მიზნით ხდება.

სიიარტოს თქმით, ორბანის მთავრობა "ამას არ დაუშვებს".

"ვხედავ, რომ ჩვენს არჩევნებში ჩარევა დაიწყეთ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გსურთ მთავრობა, რომელიც ბრიუსელს დაეთანხმება და მზად იქნება, რომ უნგრეთი თქვენს ომში ჩაითრიოს, მაგრამ ამას არ დავუშვებთ! უნგრეთის სუვერენული მთავრობა გააგრძელებს თქვენი ომისგან ქვეყნისა და ხალხის დაცვას! უნგრეთი უპირველეს ყოვლისა." - წერს უნგრეთის საგარეო მინისტრი.

მანამდე ანდრიი სიბიჰამ X-ზე ვიქტორ ორბანს უპასუხა, მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს".

"ბატონო პრემიერმინისტრო, თქვენი გეგმა მარცხისთვისაა განწირული. მოსკოვში თქვენი ბატონ-პატრონი 100 წელს ვერ გაძლებს, ორგანოებიც რომ შესწიროთ და იმ დღეს, როცა უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ჩვენ ამ სათაურს ჩარჩოში ჩავსვამთ, რათა თქვენი ტყუილები მომდევნო 100 წლის განმავლობაში გვახსოვდეს." - დაწერა სიბიჰამ ორბანის პასუხად.

tabula.ge