შვეიცარულმა ბანკმა, Julius Baer-მა რუსეთში მუდმივად მცხოვრობ კლიენტებს ანგარიშების მოახლოებული დახურვის შესახებ შეტყობინებები დაუგზავნა. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია Main Partner Trust-მა თავის Telegram-არხზე დაწერა. ინფორმაცია Forbes-ს ერთ-ერთმა კლიენტმა დაუდასტურა, რომელმაც Julius Baer-ისგან შეტყობინება მიიღო.

შვეიცარული ბანკი რუს მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა მათთან ყველანაირ საქმიან ურთიერთობას გაწყვეტს.

„შექმნილი მდგომარეობისა და განვითარებადი შეზღუდვების გამო ბანკს აღარ შეუძლია, შემოგთავაზოთ აქტივების მართვის სათანადო და ყოვლისმომცველი სერვისები, რომლებიც ჩვენს სტანდარტებს შეესაბამება,“ - ნათქვამია წერილში.

Julius Baer-ის ცნობით, 30 სექტემბრიდან ყველა ხელშეკრულება და კონტრაქტი, როგორიც არის, მაგალითად, სასესხო ხელშეკრულება, შეწყდება, რის შემდეგაც ბანკი მხოლოდ შეზღუდულ მომსახურებაზე გადავა. 1ლი აგვისტოდან ბანკი რამდენიმე დამატებით საკომისიოსაც შემოიღებს, როგორიც არის, მაგალითად, 2250 ფრანკის (დაახლოებით, 2590 დოლარის) ოდენობის კვარტალური მომსახურების საკომისიო.

ამასთან, Julius Baer კლიენტებს მოუწოდებს, მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ, რაც ბანკს საშუალებას მისცემს, ანგარიშების დახურვისა და სხვა ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის პროცესი დაიწყოს.

მაისში Julius Baer-მა რუს და ბელარუს კლიენტებს აცნობა, რომ ევროპული დეპოზიტარის, Euroclear-ის მოთხოვნების შესაბამისად მათ საინვესტიციო ანგარიშებს ყინავდა. კერძოდ, Euroclear-ში არსებული ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დროებით შეჩერდა, ხოლო ახალი ფასიანი ქაღალდების შეძენა შეუძლებელი გახდა.

მიმდნიარე წლის პირველ ნახევარში Julius Baer-ის სუფთა მოგება 18%-ით გაიზარდა. Financial Times-ის ცნობით, Credit Suisse-ის გაკოტრებისა და UBS-ის მიერ მისი შერწყმის შემდეგ, საანგარიშო პერიოდში ბანკმა კლიენტებისგან 9,2 მლრდ შვეიცარულ ფრანკზე (10,6 მლრდ დოლარზე) მეტი ფულადი სახსრები მიიზიდა.

bpn.ge