შვეიცარიამ შესაძლოა შეწყვიტოს მსოფლიოში ცნობილი ყველის წარმოება და ისტორიაში პირველად გახდეს რძის იმპორტიორი იმის გამო, რომ ქვეყანაში რძის ფერმები იხურება. ამის შესახებ რძის პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ბერემ გაზეთ Le Temps-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მიუხედავად მსოფლიოში შვეიცარიული ყველის პოპულარობისა, მისი წარმოება სულ უფრო წაგებიანი ხდება. ქვეყანაში რძის ფასების ამჟამინდელი დონე რძის ფერმებს წარმოების ხარჯების დაფარვის საშუალებას არ აძლევს და ამიტომ ისინი იძულებულნი არიან დაიხურონ“, - ამბობს ბერე.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ქვეყანა რძის ყიდვას დაიწყებს. თუმცა, ეს ვითარება ეწინააღმდეგება საღ აზრს, ვინაიდან შვეიცარია, სხვა მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, თითქმის მთლიანად ორიენტირებულია რძის წარმოებაზე. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო ფართობების 80% მდელოებია.
მან დასძინა, რომ საცალო ქსელებისთვის უცხოური პროდუქციის შეძენა გაადვილდა, ის გაცილებით იაფია. გარდა ამისა, ევროპაში ფასების ზრდამ აიძულა მომხმარებლები ყურადღება გაცილებით იაფ პროდუქტზე, მათ შორის იაფ ყველზე გადაიტანონ.