შვედეთში სურსათზე ფასების მატების გამო მომხმარებლები სუპერმარკეტებს ბოიკოტს უცხადებენ.
როგორც ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატების გამო შვედეთში ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, შვიდი დღით ბოიკოტი გამოუცხადოს ქვეყნის უდიდეს სუპერმარკეტებს.
შვედეთის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის ოჯახის წლიური ხარჯი 2022 წლის იანვრიდან 30 000 კრონით გაიზარდა.
პროტესტის მონაწილეები ფასების ზრდაში სუპერმარკეტების ოლიგოპოლიას და მსხვილ მწარმოებლებს ადანაშუალებენ, რომლებიც, მომხმარებლების ნაცვლად, საკუთარ მოგებაზე ზრუნავენ. მომხმარებლების თქმით, პროდუქტების გაძვირებას ასევე იწვევს კომპანიებს შორის კონკურენციის ნაკლებობა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მთავრობას, ჩაერიოს და სუპერმარკეტების ოლიგოპოლია დაშალოს.
თავის მხრივ, სუპერმარკეტები სურსათის გაძვირების მიზეზად ომს, გეოპოლიტიკას, საქონლის ფასებს, ცუდ მოსავალსა და კლიმატის საგანგებო მდგომარეობას ასახელებენ.
ცნობისთვის, მანამდე ფასების ზრდის გამო სუპერმარკეტებს ბოიკოტი ასევე გამოუცხადეს ბულგარეთში, რამაც მაღაზიების ბრუნვა 30%-ით შეამცირა. ანალოგიური საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, მონტენეგროსა და სერბეთშიც.