1 ივლისიდან შვედეთი შემოიღებს ახალ წესებს, რომლებიც ბალტიის ზღვაში გამავალ უცხოურ გემებზე კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად.
AFP-ის ცნობით, მთავრობამ ამის შესახებ ოფიციალურად შაბათს განაცხადა. ზომები მიზნად ისახავს რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას - ტანკერების ქსელის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ექსპორტისათვის.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ასეთ გემებს, რომლებიც ხასიათდება გაუმჭვირვალე საკუთრებით და საეჭვო სადაზღვევო პოლისებით.
ევროპულმა ქვეყნებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ეს გემები გარემოსდაცვითი რისკების შექმნაში და წყალქვეშა ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული და სატელეკომუნიკაციო ქსელების დაზიანებაში.
შვედეთის მთავრობის განცხადებით, ახალი წესებით, სავალდებულო გახდება გემების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
შემოწმებას დაექვემდებარება არა მხოლოდ შვედეთის პორტებში შემავალი გემები, არამედ ის გემებიც, რომლებიც შვედეთის ტერიტორიულ წყლებში ან მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გადიან, რომელიც სანაპიროდან 200 საზღვაო მილის მანძილზეა გადაჭიმული.
„ბალტიის ზღვაში სულ უფრო და უფრო მეტ შემაშფოთებელ ინციდენტს ვხედავთ. ეს მოითხოვს, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც მზად ვიყოთ“, - ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა. მან დასძინა, რომ შემოწმების დროს მიღებული ინფორმაცია გაზიარდება მოკავშირეებთან და გამოყენებული იქნება სანქციების კონტროლის გასაძლიერებლად, მათ შორის მონაცემების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში შეყვანის გზით.
შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ახლახან გახდნენ ნატოს წევრები, ბალტიის რეგიონში უსაფრთხოებაზე ზრუნვა გააძლიერეს 2024 წლის ბოლოს, წყალქვეშა ობიექტების, ძირითადად კაბელების, დაზიანების სერიის შემდეგ.
წყარო: "რადიო თავისუფლება"