აშშ-მა ევროკავშირმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, შტატებში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. ევროკავშირი აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში. მხარეები სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გაზაფხულიდან აწარმოებდნენ. 

ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს „უზარმაზარი შეთანხმებაა“, რომელსაც „რთული მოლაპარაკებების“ შემდეგ მიაღწიეს. მისივე თქმით, შეთანხმება სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას მოიტანს. შეთანხმების შედეგად, ევროკავშირმა აირიდა 30%-იანი ტარიფები, რომლებიც პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.

„15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება. ასევე, შევთანხმდით, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფი იქნება. ესენია: თვითმფრინავები და მათი ნაწილები, ზოგიერთი ქიმიკატი, ნახევარგამტარული აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტი, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკული ნედლეული. ამ სიას კიდევ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეთანხმებას „ყველა დროის ყველაზე დიდი შეთანხმება“ უწოდა. შეთანხმების დადებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა სამართლიანობა მთავარ „დაბრკოლებად“ მოიხსენია. მანამდე მან არაერთხელ ისაუბრა ევროკავშირთან ვაჭრობის დისბალანსზე და კავშირი შეერთებული შტატების დაზიანებაში დაადანაშაულა.

„ევროპა ძალიან ცუდად მოგვექცა. ისინი არ იღებენ ჩვენს მანქანებს. ისინი არ იღებენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ისინი პრაქტიკულად არაფერს იღებენ. და მაინც, ისინი წელიწადში მილიონობით მანქანას აგზავნიან. ეს აღარ მოხდება, ეს სამართლიანი და ორმხრივი უნდა იყოს“, - აცხადებდა აშშ-ის პრეზიდენტი.