მარსი სავსეა მტკიცებულებებით, რომ წითელი პლანეტა ოდესღაც საოცრად ლურჯი იყო, სავსე იყო მბზინავი ტბებით, დაკლაკნილი მდინარეებითა და ვრცელი ოკეანეებით. ახლახან, მეცნიერებმა გამოთვალეს, როგორი იყო მარსის „ზღვის დონე“ პლანეტის ისტორიის ყველაზე წყალუხვ პერიოდში.
თანამგზავრების მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, იტალიელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს მარსის კოპრატის კანიონი, რომელიც მარინერის ველებს ეკუთვნის — კანიონთა უდიდეს სისტემას მთელ მზის სისტემაში.
თანამგზავრული ფოტოები აჩვენებს მარაოს ფორმის დეპოზიტებს, რომლებიც საეჭვოდ ჰგავს მდინარეების დელტას — რომელიც დედამიწაზე იქ მ ადგილებში წარმოიქმნება, სადაც გამდინარე წყალი წყალსატევს უერთდება.
„დელტის სტრუქტურები იქ წარმოიქმნება, სადაც მდინარეები ოკეანეებს ერთვიან, როგორც ეს დედამიწის უამრავი მაგალითიდან ვიცით. სურათებზე ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული სტრუქტურები აშკარად მდინარეების ოკეანეებთან შესართავებია“, — ამბობს შვეიცარიის ქალაქ ბერნის უნივერსიტეტის გეომორფოლოგი ფრიც შლუნეგერი.
დელტის მსგავსი ყველა სტრუქტურა მარსის ზედაპირის ნაგულისხმევი დონიდან 3650 – 3750 მეტრით დაბლაა — მარინერის ველების ყველაზე ღრმა წერტილიდან დაახლოებით 1000 მეტრით მაღლა; შედეგად კი გამოდის, რომ ეს ზღვა დაახლოებით ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანის ზომის უნდა ყოფილიყო.
„შევძელით მარსის ყველაზე ღრმა და დიდი ყოფილი ოკეანის მტკიცებულების პოვნა — ოკეანის, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო გადაჭიმული“, — ამბობს ბერნის უნივერსიტეტის გეოლოგი იგნატიუს არგადესტია.
მკვლევართა ვარაუდით, დეპოზიტები დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინაა დალექილი, ანუ იმ პერიოდში, როცა მარსის ზედაპირზე ყველაზე ბევრი წყალი იყო. საინტერესოა, რომ ეს პერიოდი იმაზე რამდენიმე მილიონი წლით გვიანდელია, ვიდრე მარსის ოკეანის არსებობის წინა შეფასებები მიუთითებდა.
მიუხედავად იმისა, ეს წყალი აორთქლდა თუ სიღრმეში ჩაიჟონა, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ შორეულ წარსულში მარსი დღევანდლისგან რადიკალურად განსხვავებული იყო — უხვწყლიანი და პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი. ვინაიდან დედამიწაზე სიცოცხლე შედარებით სწრაფად აღმოცენდა, არის შანსი, რომ რაღაც პერიოდით, მარსზეც არსებობდნენ გარკვეული სახის ორგანიზმები.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ახლად გამოვლენილი სანაპირო ზოლები შეიძლება წარმოადგენდნენ ყველაზე იმედისმომცემ ადგილებს მარსზე სიცოცხლის კვალის საძებნელად.
კვლევა npj Space Exploration-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mediarelations.unibe.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.