გამოცემა Telegraph წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დავოსში შეთანხმებული პირობების თანახმად, აშშ გრენლანდიის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს სუვერენულ ბაზებად გამოაცხადებს და შედეგად მათზე კონტროლის დამყარებას შეძლებს.
Telegraph-ის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და კვიპროსს შორის დადებულ ხელშეკრულებას ჰგავს, გრენლანდიაზე ამერიკული ბაზები აშშ-ს ტერიტორიად ჩაითვლება, რაც საშუალებას მისცემს ამერიკას, კუნძულზე სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციები ჩაატაროს, მოაწყოს სწავლებები და ხელი შეუწყოს ადგილობრივ განვითარებას, მათ შორის, იშვიათი წიაღისეულის მოპოვების კუთხითაც.
გამოცემის ცნობით, სამუშაო ჩარჩო პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შორის შეთანხმდა.
პარალელურად, გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დავოსში ტრამპსა და რუტეს შორის მიღწეული შეთანხმება გრენლანდიაზე დანიის სუვერენიტეტის პატივისცემასაც ითვალისწინებს.
წყაროებმა Axios-ს ასევე განუცხადეს, რომ გეგმა ითვალისწინებს 1951 წლის "გრენლანდიის თავდაცვის შეთანხმების" განახლებას აშშ-სა და დანიას შორის, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ს კუნძულზე სამხედრო ბაზები ააშენოს და შექმნას "თავდაცვის ზონები", თუ NATO ამას საჭიროდ მიიჩნევს.
შეთანხმების მიხედვით გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად NATO-ს დამატებითი აქტივობები არის გათვალისწინებული, ისევე, როგორც გრენლანდიაზე ამერიკული "ოქროს გუმბათის" საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგება მტრული გარე ძალების გავლენისგან თავის დასაცავად.
მანამდე, 21 იანვარს, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო, რომელიც გრენლანდიასა და ფაქტობრივად მთელ არქტიკის რეგიონს ეხება. ხოლო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა სამხედრო ძალის გამოყენებით გრენლანდიის მიერთება გამორიცხა.
"ალბათ ვერაფერს მივიღებთ, თუ არ გადავწყვეტ მტკიცე ძალის გამოყენებას და ძალადობას, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, შეუჩერებელი იქნებოდა, მაგრამ ამას არ ვიზამ. [...]ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რაც გავაკეთე, რადგან ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი, მაგრამ ძალის გამოყენება არ მჭირდება. არ მინდა ძალის გამოყენება" - თქვა ტრამპმა.
თავის მხრივ, ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მარკ რუტემ განაცხადა, რომ NATO-ს მიზანია, გრენლადია და არქტიკის რეგიონი რუსეთისა და ჩინეთისგან დაიცვას.
რუტემ აღნიშნა, რომ მას ტრამპთან "ძალიან კარგი დისკუსია" ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ NATO-ს მოკავშირეებს ერთობლივად იმუშაონ არქტიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, არა მხოლოდ გრენლანდიაში, არამედ NATO-ს შვიდ ქვეყანაში, რომლებიც არქტიკის რეგიონში მიწებს აკონტროლებენ.