2024 წლის დეკემბერში ქერჩის სრუტეში ჩაძირული ტანკერიდან „ვოლგონეფტ-239“ ნავთობპროდუქტების გაჟონვა კვლავ გრძელდება. ამის შესახებ Sentinel-1-ის, Sentinel-2-ისა და კომპანია Planet-ის თანამგზავრული ფოტოები მიუთითებს, რომლებიც მონიტორინგის Telegram-არხმა Sky Eye-მ გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ჩაძირულ ტანკერებზე დამცავი კონსტრუქციების დამონტაჟება დასრულდა, ნავთობის გაჟონვა არ შეწყვეტილა. ეკოლოგიური ორგანიზაცია „ეკოზაშიტა!“-ს თანათავმჯდომარე ვლადიმერ სლივიაკის განცხადებით, „ვოლგონეფტ-239“-დან ნავთობპროდუქტები მთელი ივნისის განმავლობაში იღვრებოდა, ხოლო მსგავსი გაჟონვები ჩაძირული ტანკერებიდან წელიწადში რამდენჯერმე ფიქსირდება.

ომის ეკოლოგიურ შედეგებზე მომუშავე ექსპერტი ევგენი სიმონოვიც მიიჩნევს, რომ თანამგზავრული ფოტოები გაჟონვას ადასტურებს. მისი შეფასებით, ზღვაში შესაძლოა რამდენიმე ათეული კილოგრამი მაზუთი იყოს მოხვედრილი.

ივლისის დასაწყისში ნოვოროსიისკის მცხოვრებლები ზღვაში ბანაობის შემდეგ სხეულსა და ტანსაცმელზე მაზუთის ლაქების გაჩენასაც უჩიოდნენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს ჩაძირული ტანკერებიდან გაჟონვას უკავშირდებოდეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას სხვა წყაროებიც შეიძლება ჰქონდეს.

ეკოლოგების ნაწილის შეფასებით, გაჟონვის მიზეზი შესაძლოა შავ ზღვაში წყლის ტემპერატურის მატება იყოს, რადგან გაცხელებისას მაზუთი მნიშვნელოვნად ფართოვდება და ტანკერის ფოლადის რეზერვუარებიდან გარეთ გამოდის. ასევე განიხილება ვერსია, რომ გაჟონვა ჩაძირული ტანკერიდან მაზუთის ამოტუმბვის მცდელობამაც გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ზამთარში „როსმორრეჩფლოტი“ აცხადებდა, რომ ჩაძირულ ტანკერებზე სპეციალური დამცავი კონსტრუქციები, ე.წ. „სარკოფაგები“, დამონტაჟდა და მათი ჰერმეტულობა მაღალი იყო. თუმცა მას შემდეგ სამთავრობო კომისიას ამ ობიექტებთან დაკავშირებით დეტალური ანგარიშები აღარ გამოუქვეყნებია.

ამასთან, მაისის ბოლოდან ეკოლოგები თანამგზავრული ფოტოებით ნავთობის გაჟონვას აფიქსირებენ ასევე ტანკერ Aqua Live-დან, ხოლო აპრილში დაბინძურება გამოვლინდა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ Sofia-დანაც. ექსპერტების შეფასებით, შავ ზღვაში დაბინძურების რამდენიმე პოტენციური წყარო არსებობს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხზე სრულ ინფორმაციას არ ავრცელებს.