სეუტადან ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნამდე არცერთ მიგრანტს არ მიუღწევია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, სეუტაში არსებული ვითარების შესახებ უახლესი ცნობები შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერისგან და ხმელთაშუა ზღვისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცასგან მიიღო.

„კარგი ამბავი ის არის, რომ ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტური მუშაობის შედეგად, არალეგალურად ჩასულთა აბსოლუტური უმრავლესობა მაროკოში დაბრუნდა. ეს აჩვენებს იმას, თუ რატომ არის ჩვენი ევროპული საზღვრების კონტროლი ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ ადგილზე ძლიერი სისტემა გვაქვს, თუმცა მას შემდგომი გაძლიერება სჭირდება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, რამდენიმე ევროპელი ლიდერის წერილი მიიღო და ვითარებასთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენციის გამართვის მოწოდებას მიესალმება.

„არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა სოლიდარობასა და ერთიან ევროპულ რეაგირებას მოითხოვს“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

www.interpressnews.ge