ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის გერმანიის კანცლარმა, ფრიდრიხ მერცმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებისადმი წერილში ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკეს, რომელიც, მათი თქმით, ძირს უთხრის ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოებას.

კერძოდ, წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის - პრემიერ-მინისტრი, მაიკლ მარტინი.

თავიანთს წერილში, ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერებმა “სერიოზული შეშფოთება” გამოხატეს ევროკავშირის საზღვრებისადმი საფრთხეზე და ყურადღება გაამახვილეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის 1.2 მილიონამდე არალეგალური მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე, როგორც “მიმზიდველ ფაქტორზე”, რამაც სეუტას ანკლავში კრიზისი გაამწვავა.

“ვალდებულება გვაქვს ეფექტიანად შევაკავოთ და დაუღალავად ვებრძოლოთ უკანონო მიგრაციას ჩვენი ქმედებების კოორდინირებით, ჩვენი გარე საზღვრების გაძლიერებით და ყველა იმ პოლიტიკის განხილვით, რომლებიც შეიძლება მიმზიდველ ფაქტორებად იქცეს, როგორიცაა ძალიან დიდი რაოდენობის არალეგალური მიგრანტების რეგულარიზაცია…

არ შეგვიძლია დავუშვათ საზღვრების მასობრივი კვეთა, მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენება და სხვა ჰიბრიდული საფრთხეები იმ წარმოადგენის შესაქმნელად, რომ ევროკავშირში უკანონო შესვლა შესაძლებელია. რომ მიგრანტის უკანონო შესვლა შეიძლება კანონიერ დარჩენად იქცეს,” - ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ არსებული საფრთხეების ფონზე ისინი მზად არიან ხელახლა შემოიღონ და გააძლიერონ “დროებითი სასაზღვრო კონტროლი” ევროკავშირის ტერიტორიაზე.

www.interpressnews.ge