საუდის არაბეთი უკმაყოფილოა რუსეთის მოქმედებებით ნავთობის მოპოვების სფეროში და თვლის, რომ მოსკოვი არ ასრულებს OPEC+-ის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს ნავთობის მოპოვების მოცულობების შემცირების შესახებ.

ამის შესახებ წერს გაზეთი The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით. საუდის არაბეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა, გამოცემის თანახმად, რუს კოლეგებს შეთანხმებული შემცირებების დაცვის თხოვნით მიმართეს. ერ-რიადში მიაჩნიათ, რომ რუსეთი კვლავაც აგრძელებს მსოფლიო ბაზარზე იმაზე მეტი ნედლი ნავთობის გატანას, ვიდრე ეს შეთანხმებული იყო და ეს ნავთობზე ფასების სტაგნაციას იწვევს მაშინ, როცა საუდის არაბეთს მათი გაზრდა სურს.

Brent-ის ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ახლა 10%-ით დაბალია, ვიდრე აპრილის დასაწყისში, როცა OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების პირობა დადეს. საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოში ასევე თვლიან, რომ საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუმცირებია აპრილში ნავთობის მოპოვება შეპირებულ 500 ათას ბარელამდე დღე-ღამეში.

დაძაბულობა, როგორც ამტკიცებენ, იზრდება 4 ივნისს OPEC+ ქვეყნების მოახლოებული შეხვედრის წინ. ეს არაფორმალური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა საერთაშორისო ორგანიზაციაში (OPEC) შემავალ ქვეყნებს, სადაც წამყვან როლს თამაშობს საუდის არაბეთი და რიგი სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან OPEC-ის წევრები, მათ შორის რუსეთიც.

ადრე OPEC+-ის ჩარჩოებში არაერთხელ შედგა მოლაპარაკება კოორდინირებული პოლიტიკის შესახებ, რაც ნავთობზე შედარებით მაღალი ფასების შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა. როგორც Wall Street Journal ამტკიცებს, საუდის არაბეთმა ბიუჯეტში ნავთობის ფასად ბარელზე 81 დოლარი დააწესა, თუმცა ახლა ის რამდენიმე დოლარით დაბალია. ნავთობის მოპოვების შემცირებას შესაძლოა ხელი შეეწყო ფასების ზრდისთვის.

რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი ამტკიცებს, რომ რუსეთი იცავს "ნავთობის მოპოვების შემცირების" ყველა "ნებაყოფლობით დონეს". დასავლეთის ქვეყნებმა გასულ წელს შეზღუდვები შემოიღეს რუსული ნავთობის შემოტანაზე, და დააწესეს ე.წ. ზედა ზღვარზე. თუმცა მოსკოვი აქტიურად აგრძელებს ნავთობის მიყიდვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციებს არ შეუერთდნენ.

radiotavisupleba.ge