ახალი განვითარების ბანკი (NDB), რომელიც ასევე ცნობილია როგორც "BRICS-ის ბანკი", აწარმოებს მოლაპარაკებებს საუდის არაბეთთან მისი ორგანიზაციაში მეცხრე წევრად დაშვებაზე. ამის შესახებ Financial Times-ი იტყობინება. მედიის ცნობით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენის ფონზე ეს NDB-ის დაფინანსების შესაძლებლობებს გააძლიერებს.

„ახლო აღმოსავლეთში ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საუდის არაბეთის სამეფოს და ამჟამად ჩართული ვართ მათთან კვალიფიციურ დიალოგში“, - ნათქვამია NDB-ის განცხადებაში, რომელსაც Financial Times-ი აქვეყნებს.

NDB შეიქმნა 2015 წელს, რათა მოეხდინა რესურსების მობილიზება ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მდგრადი განვითარების პროექტებისთვის BRICS-ის ქვეყნებსა და სხვა განვითარებად ეკონომიკებში.

BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) წარმოადგენს გლობალური მშპ-ს 25 პროცენტს. ისინი არიან დამფუძნებელი წევრები, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები, ურუგვაი, ბანგლადეში და ეგვიპტე იყო NDB-ის ახალი წევრების პირველი ჯგუფი.

NDB-ის დაარსების დღიდან ბანკმა დაამტკიცა 90-ზე მეტი პროექტი 32 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხებით.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საუდის არაბეთის პოტენციური გაწევრიანება NDB-ში კიდევ უფრო გააძლიერებს BRICS-ის ქვეყნების შესაძლებლობას, დედოლარიზაციის გლობალური ტალღის ფონზე თავი დაიზღვიონ რისკებისგან.

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთი ცდილობს შეუერთდეს BRICS-ს. წინადადებას ორგანიზაციის წევრები აგვისტოში დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ. საუდის არაბეთს შეუძლია BRICS-ში გაწევრიანებამდე დაიწყოს განაცხადის შეტანა NDB-ის წევრობაზე.

გამოცემა წერს, რომ ბანკში გაწევრიანება გააძლიერებს ერ-რიადის კავშირებს BRICS-ის ქვეყნებთან მაშინ, როდესაც საუდის არაბეთი, ნედლი ნავთობის მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორი, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.

საუდის არაბეთი კიდევ ერთი მსხვილი აქციონერი გახდება, NDB აფასებს მის შესაძლებლობებს თანხების მოზიდვაში, იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გაჩნდა შეშფოთება ბანკის რუსეთზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.  როგორც დამფუძნებელი წევრი, რუსეთი ბანკის აქციების დაახლოებით 19%-ს ფლობს.

„NDB იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი $1,7 მილიარდი რუსული ინვესტიცია, ანუ მისი მთლიანი აქტივების დაახლოებით 6,7% და შეეწყვიტა ახალი რუსული პროექტების დაფინანსება, რათა დაერწმუნებინა ინვესტორები, რომ ის მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს ასრულებს,“ - წერს FT.

მოსკოვისთვის ბანკი არის ინსტრუმენტი დასავლური სანქციების გავლენის შესამსუბუქებლად და ნავთობის გაყიდვის დოლარზე დამოკიდებულების შესასუსტებლად. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მოსკოვისთვის ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კოლექტიური დასავლეთის არალეგიტიმური სანქციებისგან „ბლოკის დაცვაა“.