სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება, რომლის გაფორმებაც შეერთებულ შტატებში დღეს იგეგმება, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„უსაფრთხოების გარანტიები გაწერილია მე-10 პუნქტში, სადაც ნათქვამია, რომ ეს წინასწარი შეთანხმება არის ჩვენი შეთანხმებების არქიტექტურის ნაწილი, რომელიც უკვე არსებობს შეერთებულ შტატებთან - უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, შეთანხმება, რომელსაც დღეს აშშ-ში მოეწერება ხელი, უკრაინის განვითარებისა და აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ სამომავლო შეთანხმებების საფუძველია. შმიგალის განმარტებით, ამ ფონდზე ხელშეკრულების მოსამზადებლად და ხელმოწერისთვის შესაბამისი დელეგაცია უნდა შეიქმნას, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით დამტკიცდება და შესაბამის დირექტივებს მიიღებს, შემდეგ კი მუშაობა უკრაინის მთავრობასა და აშშ-ს შორის განხორციელდება. ამასთან, შმიგალის განცხადებით, საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ დოკუმენტს საერთაშორისო ხელშეკრულების ხასიათი ექნება, ამიტომ მას მთავრობა დაამტკიცებს და პარლამენტი რატიფიცირებას განახორციელებს.

„ჩვენ გვესმის, რომ მის მართვას უკრაინისა და შეერთებული შტატების მთავრობები განახორციელებენ. უკრაინა იქ ფულად შენატანებს განახორციელებს ქირის, ლიცენზიებისა და სასარგებლო წიაღისეულის გადახდებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილიდან. სასარგებლო წიაღისეული, ისევე როგორც უკრაინის ქონება, არ გადაეცემა შეერთებულ შტატებს და არ წარმოადგენს ამ ფონდში შენატანს, წიაღისეულიდან მიღებული შემოსავალი კი ნაწილობრივ მოხმარდება ამ ფონდის შევსებას“, - აღნიშნა შმიგალმა.

ipn.ge