საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსის წევრები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც ნატოს სათავო ოფისში გაიმართა.
მისი თქმით, NATO გააგრძელებს მოწოდებებს რუსეთის მისამართით, რომ დაუბრუნოს საქართველოს ტერიტორიები.
„ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გამტკიცება. განსაკუთრებით კი ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ნატოს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი.
მე მინდა შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვის მიმართულებით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც თქვენ მიისწრაფვით, თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ.
ჩვენ დღეს ვსაუბრობთ რუსულ აგრესიაზე და ასევე, უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო — ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება, ვიდრე ეს საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ.
საქართველოს და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმის, უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესდებას და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
on.ge