სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს ამერიკული და დასავლეთ ევროპის წარმოების თვითმფრინავებისთვის სათადარიგო ნაწილები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და მალდივებიდან ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით შეაქვთ. ამ გზით რუსეთში ერთი წლის განმავლობაში მილიონობით დოლარის სათადარიგო ნაწილები შევიდა - ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
ამგვარი სქემებით სარგებლობენ ისეთი სანქცირებული ავიაკომპანიები, როგორიცაა „აეროფლოტი“, „რასია“, „ურალი“, Utair-ი და S7 Airlines-ი.
ერთ-ერთი ამ სქემის ორგანიზებაში მონაწილეობის ეჭვის საფუძველზე, 11 მაისს დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და მისი კომპანიონი. მათ ბრალად ედებათ აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევა და ფულის გათეთრება. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილებმა სანქციების გვერდის ავლის სქემის შემუშავება დაიწყეს 2022 წლის მაისში. უკვე აგვისტოში ფაცულიამ ელექტრონული წერილი გაუგზავნა ერთ-ერთ ავიაკომპანიას და სათადარიგო ნაწილების მიწოდება შესთავაზა. ცნობილია, რომ ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში რეგისტრირებული კომპანიების ქსელის მეშვეობით მათ სათადარიგო ნაწილები, მათ შორის Boeing-737-ის ძვირად ღირებული სამუხრუჭე სისტემები, მინიმუმ სამ რუსულ ავიაკომპანიას მიაწოდეს.
NYT ჟურნალისტები, რედაქციის ხელთ არსებული საბაჟო დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთში 5 ათასზე მეტი მიწოდება განხორციელდა, თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილების: ხრახნით დაწყებული, ძრავით დამთავრებული. საერთო ჯამში, 2022 წელს რუსეთში 14,4 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული წარმოების საავიაციო სათადარიგო ნაწილები გაიგზავნა.