„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა ტარიფების ზრდით ჩანაცვლდება.
თბა-ში ამბობენ, რომ ეს ცვლილება, ფაქტობრივად, ამ კატეგორიის ავტომობილების შემოყვანის პრაქტიკულ აკრძალვას ნიშნავს.
„6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის განბაჟების ტარიფი ერთ კუბურ სანტიმეტრზე 0.8 ლარიდან 4.5 ლარამდე იზრდება, რაც ამ ასაკის ავტომობილის განბაჟებას დაახლოებით 5.5-ჯერ გააძვირებს. ეს კი, ფაქტობრივად, მათი შემოყვანის პრაქტიკულ აკრძალვას ნიშნავს.
მთავრობის მიერ გარემოზე ზრუნვის მოტივით შემუშავებული ეს ბუნდოვანი პოლიტიკა აზიანებს როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესსექტორს და აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს ამ ინიციატივის რეალურ მიზნებთან დაკავშირებით.
2025 წლის მონაცემებით, ქვეყანაში ავტოტრანსპორტის 80.5%-ზე მეტი 10 წელზე მეტი ასაკის იყო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის შეზღუდული ბიუჯეტიდან გამომდინარე, საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევანს დაბალბიუჯეტიან ავტომობილებზე აკეთებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მომხმარებელს გაუძვირებს ავტომობილის შეძენას, რაც გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას და ადამიანების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას.
თავის მხრივ, ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება ნეგატიურად აისახება ავტოდილერებზე, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ოჯახებს არჩენენ. მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა მნიშვნელოვნად დააზარალებს რიგ მომიჯნავე დარგებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს ავტომობილების რეექსპორტს, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ გამოწვევად გადაიქცევა ჩვენი ქვეყნისთვის.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უარი თქვას აღნიშნულ რეგულაციაზე, რათა დაცული იყოს როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესის უფლებები“, - წერია თბა-ის განცხადებაში.