უკვე რამდენიმე კვირაა, შეერთებული შტატები დიდ ინტერესს იჩენს უკრაინის იმ მიწების მიმართ, რომლის ქვეშ ძვირფასი მინერალების დიდი მარაგებია. გაერო-ს მონაცემებით, ძვირფასი მინერალების მსოფლიო მარაგის თითქმის 5% უკრაინის ტერიტორიაზე. ასეთ მინერალს წარმოადგენს,მაგალითად, ლითიუმი, რომელიც ბატარეების წარმოების დროს გამოიყენება, ასევე სკანდიუმი, კობალტი, გრაფიტი, ტანტალი და ნიობიუმი, რომლებიც „მწვანე“ ენერგეტიკული მოწყობილობების დასამზადებლად არის საჭირო. მინერალებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.ძვირფასი მინერალების მომპოვებელ ქვეყნებს შორის დღეისათვის ჩინეთი ლიდერობს.

გერმანელი პოლიტოლოგი, იაკობ კულიკი უკრაინის მინერალური რესურსების მიმართ შეერთებული შტატების ინტერესზე დეტალურად საუბრობს:

„დონალდ ტრამპს ძვირფასი მინერალებით მდიდარი მიწები სურს, რადგან აშშ-ს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის ჩინურ რესურსებზე დამოკიდებული, რაც ქმნის რისკს, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. მეორე მიზეზი ის არის, რომ შეერთებულ შტატებში არ არის ბევრი ისეთი ადგილობრივი კომპანია, რომელსაც ძვირფასი მინერალების მოპოვება და წარმოება შეუძლია. უკრაინას აქვს ეს ნედლეული. იმისათვის, რომ მინერალების საბადოებით მდიდარი მიწები ჩინელებმა არ დაისაკუთრონ და იქ მაღაროები არ ააშენონ, ამის გაკეთებას თავად ამერიკა აპირებს. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ამერიკული სამხედრო მხარდაჭერისთვის უკრაინელებმა საფასური გაიღონ. ასე რომ, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ სურს ტრამპს ამ მიწების მიღება“.

კოზირი ორივე მხარისთვის

მათი სახელის („იშვიათი მიწები“) მიუხედავად, ასეთი მიწები უკრაინაში არც ისე იშვიათია. მათ დიდი ფასი ადევთ, რადგან ხელში ძნელად ჩასაგდებია. ასეთი მიწა აქამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების თანაპროდუქტს წარმოადგენდა. როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ჯული მიშელ კლინგერი განმარტავს, სწორედ ძვირფას მინერალებზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა ხდის ასეთ მიწებს საინტერესოს:

„ძვირფასი მინერალები იშვიათი ნამდვილად არ არის. ისინი ყველა სახის ელექტრონულ ტექნოლოგიებსა და მაღალეფექტურ შენადნობებში გამოიყენება. მათ, ხშირად, ინდუსტრიის „ვიტამინებს“ ან „სანელებლებს“ უწოდებენ, რადგან მათი წყალობით, ჩვენი ტექნოლოგიები, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, უფრო მინიატურული, სწრაფი, გამძლე და მდგრადი გახდა“.

თუმცა, ამ მაღალტექნოლოგიური მინერალების მიწოდების საკითხში დასავლური ინდუსტრია, დიდწილად, ჩინეთზეა დამოკიდებული, რადგან „იშვიათ მიწებში“ იმ მინერალების თითქმის 68%-ს ჩინეთი მოიპოვებს.

მართალია, „იშვიათ მიწებში“ მოპოვებული მინერალების გლობალური მიწოდება, გამონაკლისების გარდა, შედარებით სტაბილურია, მაგრამ, ბოლო პერიოდში, გეოპოლიტიკური კონფლიქტების ცენტრში აღმოჩნდება ხოლმე. მაგალითად, უკრაინაში არსებული მინერალები ამჟამად რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. ამიტომ, ამ საბადოებზე წვდომის მოპოვება ან აღდგენა, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეებისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური საკითხია.

გამარტივებული შეთანხმება, რომელიც უკრაინის მთავრობამ ამ ეტაპზე უარყო

შეერთებულმა შტატებმა კიევში გააგზავნა ხელშეკრულები პროექტი, რომელიც ამ მაღალტეგნოლოგიური მინერალების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფას შეეხება. თეთრი სახლის მიზანია, ძვირფას მინერალებთან წვდომით, კიევისთვის გაწეული ამერიკული დახმარება დააბალანსოს. ამ დახმარებას დონალდ ტრამპი დაახლოებით 500 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. შეთანხმება უკრაინის შესაბამისი სამინისტროს დონეზე მოწონებულია, თუმცა პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ვლადიმირ ზელენსკის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების პრინციპი მისაღებია, დოკუმენტს გარკვეული გარანტიები აკლია.

„შეთანხმება ხელმოწერილია მინისტრების დონეზე, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ და ამ დოკუმენტის ხარისხზე გავლენას მოვახდენ. ამიტომ, მინისტრებს ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ მივეცი, რადგან ის ჯერ მზად არ არის“.

სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელმაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი უნდა დაასრულოს, სავარაუდოდ, უნდა აიასახოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები - გაწევრიანდება თუ არა ის ნატო-ში ან ევროკავშირში, უნდა განთავსდნენ თუ არა მის ტერიტორიაზე ჯარები, რომლებმაც მშვიდობა უნდა უზრუნველყოფენ და ა.შ. მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე დევს ეკონომიკური საკითხებიც, რომლებიც უდავოდ საფიქრალს გაუჩენს სხვადასხვა მხარეს, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში