გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის თქმით, წევრი სახელმწიფოები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ ევროკავშირში ახალი წევრების მიღების „განსხვავებულ“ სისტემაზე.

„თუ გაფართოების დასაჩქარებლად ოდესმე სწორი დრო არსებობდა, ეს დრო ახლაა“, –  ამბობს კოსი „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, დროა, ევროკავშირის წევრები „ლაპარაკიდან ქმედებებზე გადავიდნენ“.

ცნობისთვის, კოსის განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის უნდა შეიქმნას „ასოცირებული წევრობის“ სტატუსი.

„ეს სასარგებლოა, რადგან სერიოზული დებატები გვჭირდება. მე მხარს ვუჭერ დებატებს. ეს ერთ-ერთი იდეაა და კარგი დასაწყისია განხილვისთვის. გაფართოების წარმატებით დასრულება ლიდერების საქმეა. არ ვიცი, საბოლოოდ რა მიმართულებას მიიღებს ეს პროცესი, მაგრამ ვეთანხმები, რომ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რაღაც განსხვავებული იმისგან, რასაც დღეს ვიყენებთ,“ – თქვა კოსმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ სურთ „დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპისა და ახალი წევრების ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციის“ კომბინაცია.

„თუ ამას სწორად გავაკეთებთ, შევქმნით ძლიერ კონტინენტს, რომელსაც შეეძლება, დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეებს, რომლებსაც ჩვენი წარუმატებლობა სურთ, მაგრამ თუ ვერ მოვახერხებთ, სხვები ჩაერევიან და ჩვენს წინააღმდეგ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ“, – განაცხადა კოსმა.

„ეს მხოლოდ გაფართოება აღარ არის. ეს ჩვენი მომავლის საკითხია, ამიტომ იმედი მაქვს, ლიდერები ამას გააცნობიერებენ და ევროკავშირის მომავლის დასაცავად ერთიანობასა  გამოავლენენ“, – ამბობს ევროკომისარი.

მისივე თქმით, გაფართოების პროცესის შესაძლო რეფორმის მიუხედავად, „ფუნდამენტურ საკითხებზე დათმობა არ იქნება“, რაც კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კორუფციასთან ბრძოლას ეხება. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელმა „ინოვაციური“ მიდგომა უნდა იპოვოს.

„რაც უფრო მალე მივიღებთ მიმართულებას ლიდერებისგან, მით უფრო მარტივი იქნება ჩვენთვის მზადება თუ რომანტიკული ენით ვიტყვი, ახლა უკრაინას იმედი უნდა მივცეთ“, – თქვა კოსმა.

1tv.ge